„პლაჟზე - ბათუმში, ევროპაში - ქუთაისის გავლით. საქართველოში პირველი ტურისტები მიდიან“, ამ სახელწოდების სტატიას აქვეყნებს „რია ნოვოსტი“ სადაც წერს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს აეროპორტები მოსახერხებელი სატრანსფერო ცენტრი გახდება მესამე ქვეყნებში მოგზაურობისთვის.

რუსული გამოცემა წერს, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 19 მაისს გაფრინდა. რუსული ავიახაზების „აზიმუტის“ ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა. მნიშვნელოვანი მოვლენის პატივსაცემად მათ შამპანურით გაუმასპინძლდნენ და სუვენირები გადასცეს.

„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი, რომელიც ამ პირველი რეისი ბორტზე იმყოფებოდა აცხადებს, რომ გახარებულია პირდაპირი ფრენებით, რადგან ასე საქართველოში ჩასვლას 3,5 საათში შეძლებენ და არა სამი გადაჯდომით და თითქმის მთელი დღის დაკარგვით.

რუსული გამოცემა წერს, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შემდეგ, რუსულმა ავიაკომპანიებმა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებზე განაცხადები შეიტანეს. „აზიმუტის“ შემდეგ Red Wings-მა მიიღო პირდაპირი ფრენების ნებართვა. ივნისიდან რუსული ლაინერები საქართველოს დედაქალაქში სოჭიდან გაემგზავრებიან, მოსკოვიდან კი ქუთაისის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტები ერთგვარი ჰაბი გახდება მათთვის, ვინც მესამე ქვეყნებში მოგზაურობს, აცხადებს რუსეთის ტურ-ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გორინი „რია ნოვოსტისთან.“

რუსული სააგენტო წერს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან 30-ზე მეტი საერთაშორისო რეისია, მათ შორის ბიუჯეტურებიც. 21-50 ევროდ შეგიძლიათ მოხვდეთ პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კვიპროსში, ავსტრიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ესტონეთში, ჩეხეთში, იტალიაში, ბელგიაში, გერმანიაში.

„Wizz Air გთავაზობთ არაერთ საინტერესო მიმართულებას ქუთაისიდან, რაც აეროპორტს ტრანზიტულად ძალიან მიმზიდველს ხდის“, - ადასტურებს სააგენტო Aviaport-ის აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ პანტელეევი.

„საქართველოს გამოჩენა ტურისტულ დღის წესრიგში მოულოდნელი აღმოჩნდა და ამან შესაძლოა სიურპრიზები მოიტანოს“, აცხადებს “ არტურ მურადიანმა, Space Travel-ის ხელმძღვანელმა და ATOR-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ტუროპერატორები აღნიშნავენ საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს ოთხივე სეზონის განმავლობაში - შემოდგომაზე და გაზაფხულზე - შემეცნებითი, გასტრონომიული, ღვინის, გამაჯანსაღებელი ტურები, ზამთარში - თხილამურები.

ზაფხულში კი, როცა ცხელა, სტუმრების 70%-ს აინტერესებს სანაპიროზე დასვენება, ამბობს ანა ფილატოვსკაია, „რუსული ექსპრესის“ სარეკლამო და პიარის განყოფილების დირექტორი.

„რის ნოვოსტი“ იმასაც წერს, რომ საქართველო ძალიან მოსახერხებელია დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის. „ადგილობრივები, განსაკუთრებით უფროსი თაობა, კარგად საუბრობენ რუსულად. „ვინც იქ იყო, მეგობრებს უზიარებს გიდების, მძღოლების კონტაქტებს და სტუმრების 2/3 დამოუკიდებლად იკვლევს ქვეყანას“, - წერს რუსული სააგენტო.

რაც შეეხება სანაპიროზე დასვენებას, რუსული სააგენტო წერს, რომ „აჭარის დედაქალაქში ბევრი საერთაშორისო ქსელის სასტუმროა, თუმცა დიდი ტერიტორიებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის გარეშე. ყველა გასართობი, კონცერტი, ღამის კლუბები, წვეულებები, კაზინოები, რისთვისაც კურორტზე ბევრი ადამიანი მოდის, სასტუმროს გარეთ არის. თურქული დონის" მოყვარულ რუს ტურისტებს საქართველოს მთავარი ზღვისპირა კურორტი - ბათუმი, ნაკლებად მოეწონებათ,“ ნათქვამია პუბლიკაციაში.