რას ისურვებდით, იხილოთ ქართულ პოლიტიკაში? - ამ კითხვით მიმართა ევრონიუს ჯორჯიამ თბილისის ქუჩებში მოქალაქეებს.

ისინი ამბობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო მეტ სამართლიანობას, ურთიერთპატივისცემასა და პროფესიონალიზმს ისურვებდნენ.

მოქალაქეთა მოსაზრებები:

"ვისურვებდი, იყოს მეტი ზრდილობა და ურთიერთპატივისცემა. განათლებასთან ვისურვებდი უფრო ძლიერ დისკუსიებს".

"ვისურვებდი ახალ და ძლიერ სახეებს ქართულ პოლიტიკაში. ისეთ სახეებს, წარსულს რომ ვერ წამოაძახებენ. ამჟამად ხალხის მოთხოვნას ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიციური სპექტრი ვერ აკმაყოფილებს."

"მეტი გახსნილობა უნდა ჰქონდეთ პარტიებს და ხალხთან მეტი ურთიერთობა." 

"ადამიანების უფლებებზე უნდა იყოს მორგებული მთლიანად პოლიტიკა. ეს უნდა ვისწავლოთ დასავლეთისგან. ახლა რუსული პოლიტიკა ტარდება და ეს დაგვღუპავს". 

"უპირველესად, სამართალს ვითხოვ პოლიტიკაში. ამჟამად სრული უსამართლობაა საქართველოში. ევროპული პოლიტიკა გვჭირდება. სამართლებრივი აქტებით უნდა ვიცავდეთ ადამიანის სოცოცხლის, ჯანმრთელობის უფლებას, რაც არ გვქონია აქციებზე. ასევე კანონი უნდა იცავდეს ჩვენს თავისუფალ ნებას, ესეც არ გვაქვს დღეს საქართველოში. სამართლიანი პოლიტიკის კეთება გადაარჩენს ამ ქვეყანას".

"ქართულ პოლიტიკაში ვისურვებდი გულწრფელობას, პატრიოტიზმს, პროფესიონალიზმს. მხოლოდ ასე გატარდება ეროვნული ინტერესები."

"განსხვავებული აზრის მიმღებლობას, სიმშვიდეს, თანამშრომლობის უნარს, ურთიერთპატივისცემას, - ამას ვისუირვებ პოლიტიკაში. პრობლემა ბევრია: ეკონომიკური სიდუხჭირე, სოციალური პირობები, უსაფრთხოება". 

"ქართულ პოლიტიკაში ვისურვებ: კორექტულ საუბარს, ერთმანეთის მოსმენას, ქვეყნის ინტერესების უპირატესად მიჩნევას. ვფიქრობ ახალგაზრდა თაობა უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. ამჟამად ნომერ პირველ პრობლემად ბავშვთა არასრულფასოვანი კვება მიმაჩნია".