"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტები აღარ არსებობს. მისი თქმით, მსგავსი ტრაგედიები ცხადყოფს ხელისუფლების გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.
"მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული ბავშვების მშობლებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს მინდა, მივუსამძიმრო. ეს, სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სტანდარტი უსაფრთხოების, განსაკუთრებით, ბავშვების მიმართულებით. ეს ეხება სკოლის შენობებს, სპორტულ მოედნებს, შადრევნებს და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას. ეს ყველაფერი მოდის თავიდან, რანაირი დამოკიდეულებაც აქვს ხელისუფლებას ქვეყნის სტანდარტის მიმართ, ეს ითარგმნება საბოლოო ჯამში, ასეთ ტრაგედიებში", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ლევან იოსელიანის თქმით, აუცილებელია შეიმუშავდეს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით. მისივე თქმით, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ორი მოზარდი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამშენებლო კომპანია "ანაგი" ბათუმში, "ოცნების ქალაქში" მომხდარ ტრაგედიაზე განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებს მიღმაა და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია.
იმავეს ამბობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძეც. მისი მტკიცებით, უბედური შემთხვევა სადაც მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის. მინისტრის განმარტებით, ბინების მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.