თბილისში არსებული ვითარება იყო განხილვის თემა ატლანტიკური საბჭოს და ევრაზია-ცენტრის მიერ გამართულ დისკუსიაზე. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ გზებზე, რომლითაც აშშ-ს შეუძლია მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ძალისხმევას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის შენარჩუნებაში. ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, ჯონ ჰერბსტმა დისკუსიის ფარგლებში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" აძლიერებს კრემლის ზოგიერთ ისეთ ინტერესს, რომელიც პირდაპირი საფრთხეა ამერიკისთვის.

"საქართველო იყო ჩვენი საიმედო პარტნიორი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო არა მარტო შიდა რეპრესიული მექანიზმების გამოყენება, არამედ გახდა ამერიკული პოლიტიკის გამკრიტიკებელიც.

"ქართული ოცნება" კრემლთან მეგობრული პოლიტიკის გასატარებლად ნაბიჯებს დგამს. ისინი აძლიერებენ კრემლის ზოგიერთ ისეთ ინტერესს, რომელიც პირდაპირი საფრთხეა ჩვენთვის. როდესაც ივანიშვილი საუბრობს მოსკოვის ომზე უკრაინაში, ემსახურება კრემლის ინტერესებს. ლორა [თორტონი] საუბრობდა ირანის როლზე ანტიდემოკრატიული სისტემების გაძლიერებაში. ეს მცდელობა ვნახეთ საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ. ირანი და რუსეთი კი არიან პარტნიორები ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ და ასევე ევროპისთვისაც, რადგან ყველამ ვიცით, რომ ირანი ეხმარება რუსეთს დრონებით უკრაინაზე თავდასხმისთვის. რუსული იარაღს კი იყენებს ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ.

ასე რომ საქართველოსა და ამერიკას შორის კარგი ურთიერთობები ღირებულია ორივესთვის და იმედი მაქვს, საქართველო დაუბრუნდება ამ გზას." - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.

წყარო: მთავარი არხი