31 მაისს პუტინმა დუმაში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2022 წლის მაისში მოაწერა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატას წარუდგინა კანონპროექტი ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის საკითხებზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს საკანონმდებლო ბაზაში გამოქვეყნდა.

შეთანხმებაში ნათქვამია, რომ თითოეული ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მეორე ქვეყნის მოქალაქეობა, აფხაზეთის, ან რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე.

ამასთან, აფხაზეთის ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომლებსაც ეს სტატუსი 2008 წლის 26 აგვისტოს ჰქონდა, რუსეთი უფლებას აძლევს, რომ ორმაგი მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღოს.

ამავდროულად, აფხაზეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ იმ ქვეყნის სოციალური შეღავათებით, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ.

კანონპროექტის მიხედვით, იგივე პროცედურა ვრცელდება სამხედრო სამსახურზეც – ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს თავიანთი საცხოვრებელი ქვეყნის ჯარში იწვევენ.