უსაფრთხოების სექტორში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე, ამჟამად "საქართველოსთვის“ წევრი კახაბერ ქემოკლიძესთან მიმდინარე კრიზისის ანალიზს accentnews-თან აკეთებს.
მისი თქმით, "ოცნება" სამ სცენარს განიხილავს.
"ერთი სცენარის გათვალისწინებით, ისინი ელოდებიან (შესაძლოა, მინიმალისტურად, მაგრამ იმედი აქვთ) თითქოსდა პრეზიდენტი ტრამპი და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დალაგდება რუსეთთან. ესენი, დარწმუნებული ვარ, პირდაპირი მნიშვნელობით, ოცნებობენ, რომ ამ დალაგების პროცესში აღმოჩნდნენ არა დასავლეთის, არამედ რუსეთის მხარეს. შესაბამისად, მათი მმართველობის სტილი აბსოლუტურად მისაღები იქნება რუსეთისთვის და ცხადია, გარანტირებულად დარჩებიან ხელისუფლებაში, რადგან სხვაგვარად არც რუსებს და არც ამათ აწყობთ სხვა კონფიგურაცია. ამდენად, ერთი სცენარი სწორედ ეს არის, რომ გეოპოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ირგვლივ იმგვარად გადალაგდება, რომ საქართველო აღმოჩნდება ახალი „რკინის ფარდის“ ბნელ მხარეს. ამ სცენარით, დასავლეთი იღებს ე.წ. გეოპოლიტიკურ პაუზას, ვიდრე ზოგადად, საქართველოში პოლიტიკური გარემო ან მმართველი პარტიის მიერ დაშვებული შეცდომები იქამდე არ მიიყვანს ვითარების ესკალაციას, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესები. დასავლეთს დალოდების რესურსი ცალსახად აქვს. ასე დაელოდნენ სლოვაკეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფ ბევრ ქვეყანას, ასე ელოდებიან ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფოს, რომლებიც შუაგულ ევროპაში არიან. უპირველესად, ცხადია, იქ უნდათ, იყოს ცივილური და სტაბილური გარემო და ა.შ.
მეორე სცენარი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ განიხილავს, ე.წ. ბელარუსული სცენარია. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შესაძლოა, საერთოდაც ვერ „დალაგდნენ“, მათ მაინც სცადონ „ბელარუსული სცენარით“ სვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნის მიუხედავად, ძალა აღმართს ხნავს პრინციპით, ხელები გადაუგრიხონ საზოგადოების უმრავლესობას, გამოიყენონ შექმნილი ვითარება - არ არის მაკონსოლიდირებელი ლიდერი, არ არის საზოგადოება, რომელიც შესაძლოა, გაერთიანდეს ერთი დიდი იდეის ირგვლივ, პოლიტიკური ველი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გამო ფრაგმენტირებულია, ხალხი ნიჰილიზმშია - და განიხილონ, რომ „ხელისუფლების დათმობა აპრიორი ნიშნავს აბსოლუტური უმრავლესობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას, ეს რად უნდა გვიღირდეს, დასავლეთთან ვაჭრობის თავი და ნერვები არ გვაქვს, რისკადაც არ გვიღირს და მოდი, წავიდეთ ამ სცენარითო“. ცხადია, ამ სცენარს ნეგატიური კონოტაციაც აქვს, რადგან ეს ვიწრო ხიდი სად ჩატყდება, არავინ იცის: ამან შესაძლოა, ესკალაციის ისეთი ხარისხი მიიღოს, რომ ფაქტობრივად 90-იან წლებში დავბრუნდეთ. ამ პერიოდში დაბრუნება კი პირდაპირ სისხლის ღვრას ნიშნავს!
მესამე სცენარიც - დაელოდონ, როდის შეიძენს ტრამპის ადმინისტრაცია მკაფიოობას საქართველოსთან მიმართებით. ეს ადრე თუ გვიან მოხდება, უბრალოდ ამას შეიძლება, დასჭირდეს ცოტა მეტი ვადა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, რადგან ამჟამად სხვა გეოპოლიტიკური პროცესებია მათ დღის წესრიგში. ეს ნიშნავს, რომ პროცესი შესაძლოა, წლის ბოლომდე გაიწელოს, ამ პერიოდში სცადონ, „მაგიდიდან“ გადააგდონ ეს სახალხო პროტესტი და შემდეგ, როდესაც მეტი მკაფიოობა წამოვა უშუალოდ თეთრი სახლისა და პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან, ამათ ივაჭრონ უკვე ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, სადაც ეს საპროტესტო ტალღა იქნება ნიველირებული ან მინიმალური.
ეს სამი საკვანძო ანალიტიკური დაშვებაა, რასაც სადღეისოდ ვხედავ," - ამბობს კახა ქემოკლიძე.
წყარო: accentnews.ge