საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა 23 ოქტომბერს დაამტკიცა.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:

  • საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები;
  • საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები;
  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
  • საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა;
  • საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები;
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა;
  • საქართველოს საპატრიარქო;
  • სასაზღვრო გამტარი პუნქტი;
  • საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი;
  • ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;
  • გაზსაცავი ობიექტი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი);
  • გაზშემკრები სადგური;
  • ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად;
  • მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი);
  • ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა;
  • იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;
  • სახელმწიფო ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი;
  • სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების (BSL) პირველი ან მე-2 დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებსა და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა;
  • ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა;
  • შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;
  • ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი);
  • რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა;
  • მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;
  • მეტროპოლიტენი;
  • აეროპორტის ტერიტორია.

განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ნუსხა, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის საფუძველზე, 2003 წელს, ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის #58 ბრძანებით განისაზღვრა. ნუსხა 21 პუნქტისგან შედგებოდა.