Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 36% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 61% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას. მოსახლეობის 39% ეთანხმება, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება სამართლიანია. კვლევის თანახმად, 39%-ს ეს არასამართლიანად მიაჩნია.
კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა: 
ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში - 63% 
ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში - 37% 
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. 
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). 
 
                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                