საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აქტუალური გახდა ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალი გზების ძიება. რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ ირანი არ შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. შესაბამისად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებული რესურსების საზღვარგარეთ ტრანსპორტირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო საუბარი ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის განხორციელებაზე, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირი ევროპის კონტინენტს უნდა მიეწოდოს. პროექტი თურქეთის გავლით ევროპაში კასპიის რეგიონიდან და ახლო აღმოსავლეთის ნაწილიდან გაზის იმპორტს ითვალისწინებს. პროექტზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება რამდენიმე ფაქტორის გამო ფერხდებოდა. მშენებლობის დასაწყებად დღემდე არსებობს პრობლემური საკითხები. რა მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური მილსადენის პროექტს ცენტრალური აზიის რეგიონისთვის, რა სარგებელს მიიღებს საქართველო და რატომ ვერ ხორციელდება პროექტი დღემდე? რა როლს თამაშობს ირანი, რუსეთი და აშშ-ში პროექტის განხორციელებაში? ამ საკითხებზე ,,კომერსანტი” ყოფილ დიპლომატს, ასოცირებულ პროფესორსა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს ალექსანდრე ლაცაბიძეს ესაუბრა.

ალექსანდრე ლაცაბიძესთან საუბარი პროექტი მნიშვნელობაზე დავიწყეთ. მას ვკითხეთ, რა პრეისტორია უძღოდა წინ ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის იდეას?

,,მთელი ცენტრალური აზია და კასპიის ზღვის რეგიონი თითქმის სრულად შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ერთი ქვეყანა არ იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ეს იყო ირანი. დანარჩენი მთელი ეს ტერიტორია სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, კასპიის ზღვა, პრაქტიკულად მთლიანად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. საზღვარგარეთ ნავთობის ტრანსპორტირება პრაქტიკულად ამ რეგიონიდან არ ხდებოდა. ძირითადად შიდა მოხმარებისთვის გამოიყენებოდა. შესაბამისად, მილსადენები არ არსებობდა ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანიდან ან სამხრეთ კავკასიიდან, რომლებიც უზრუნველყოფდა ბუნებრივი აირის ან ნავთობის ექსპორტს საზღვარგარეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ქვეყნები გახდნენ დამოუკიდებლები. მივიღეთ კასპიისპირა 5 ქვეყანა. თუ მანამდე იყო საბჭოთა კავშირი და ირანი, მივიღეთ რუსეთი, ირანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი. ამ პერიოდიდან აქტუალური გახდა კასპიის ზღვის რეგიონიდან - აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიის ტერიტორიიდან: თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან ბუნებრივი აირისა და ნავთობის ექსპორტი. 90-იანი წლებში იწყება პროექტების განხორციელება. ძალიან წარმატებული პროექტები არის ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი, რომელიც მიაწოდებს ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთს. შემდეგ ეს კიდევ უფრო იხვეწება და უერთდება ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული მილსადენები, რომელიც აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს აწვდის ევროპას.’’- აცხადებს ალექსანდრე ლაცაბიძე.

ტრანსკასპიური მილსადენის აშენების იდეა 90-იან წლებში გაჩნდა. პროექტზე საუბარი სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება რამდენიმე სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორის გამო ვერ ხერხდებოდა. პირველი გამოწვევა კასპიის ზღვის სტატუსი იყო. ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ ეს ზღვა იყო თუ ტბა. სტატუსს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის იმ სამართლებრივ ჩარჩოებს განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც წიაღისეულის გამოყენება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეგულირდება. საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2018 წელს გადაიდგა, როდესაც ქალაქ აქტაუში კასპიის ზღვის ქვეყნების სამიტი გაიმართა. ამ პრობლემურ საკითხზე და მის გადაწყვეტაზე ალექსანდრე ლაცაბიძე განმარტავს:

,,კასპიის ზღვის ფსკერზე უნდა აშენებულიყო მილსადენი, რომელიც თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან ბუნებრივ აირს გაიტანდა აზერბაიჯანის მიმართულებით და აქედან შეუერთდებოდა სამხრეთ დერეფანს. მერე მოხდება ბუნებრივი აირის ევროპისკენ გატანა. თუ შევხედავთ რუკას, გეოგრაფიულად თურქმენეთი და ყაზახეთი პრაქტიკულად იზოლირებულია. ერთ მხარეს არის ჩინეთი, ირანი, რუსეთი და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები, მაგრამ პირდაპირი წვდომა არ აქვს ევროპის ბაზრებზე. თითქოს მარტივი ამოცანაა. თუ აშენდა, დავუშვათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზურუმი, რატომ ვერ აშენდა ტრანსკასპიური მილსადენი? პრობლემა იყო კასპიის ზღვის სტატუსში. ანუ ვერ ხერხდებოდა კასპიის ზღვის სტატუსის დადგენა. არის ზღვა თუ ტბა. თუ არის ზღვა, მისი წიაღისეულის გამოყენება ხდება სხვა კანონმდებლობით. თუ არის დახურული წყალსაცავი ან ტბა, ხდება სხვა კანონმდებლობით. სანამ ვერ შეთანხმდებიან მხარეები, ვერ ხერხდება მისი წიაღისეული გამოყენება და მის ფსკერზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ნაგებობების, ამ შემთხვევაში მილსადენის აშენება. უნდა შეთანხმებულიყვნენ, როგორ სამართლებრივ სივრცეში განეხილათ კასპიის ზღვა. აქ მოხდა საკმაოდ სერიოზული გარღვევა. პროცესი მიდიოდა დაახლოებით 20-25 წელი. გარღვევა იყო 2018 წელს, როდესაც ქალაქ აქტაუში კასპიის ზღვის ქვეყნების სამიტი გაიმართა, სადაც მხარეები (კასპიის ზღვის 5 ქვეყანა) შეთანხმდნენ, რომ შეთანხმებულიყვნენ კასპიის ზღვის გამოყენების წესებზე. გვერდზე გადადეს იმის განხილვა ზღვა არის თუ ტბა და შეთანხმდნენ გამოყენების წესებზე. გადაწყვიტეს, რომ ფსკერი გაყოფილიყო სექტორებად. პრაქტიკულად, ამ შეთანხმების მერე გზა ეხსნებოდა ნებისმიერი მილსადენის მშენებლობას და სხვა პროექტების განხორციელებას. უკვე აღარ იყო სამართლებრივი ბერკეტები, რაც ხელს შეუშლიდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გადაწყდა ეს საკითხი, 2018 წლის მერე პროგრესი მაინც არ არის.’’- განმარტავს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.

ერთი შეხედვით პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა და შეთანხმება შედგა, თუმცა გამოწვევა კვლავ დღის წესრიგში დგას. 2018 წელს 5 ქვეყნის მიერ მიღებული შეთანხმების ძალაში შესასვლელად მისი რატიფიცირება არის საჭირო, რაზეც ირანი დღემდე უარს ამბობს. ქვეყნის პარლამენტმა, იგივე მეჯლისმა დოკუმენტის რატიფიცირებაზე უარი განაცხადა, რადგან ირანის მხარე კასპიის ზღვის ფსკერის გადანაწილებით უკმაყოფილოა. ისლამური რესპუბლიკა ზღვის ფსკერის ხუთ ტოლ ნაწილად გაყოფას ითხოვს.

,,პრობლემა არის იმაში, რომ უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების რატიფიცირება 5 ქვეყნის მიერ. ესენია: რუსეთი, ირანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი. 4-მა ქვეყანამ გააკეთა ხელშეკრულების რატიფიცირება. ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ გაუკეთებია რატიფიცირება. იმიტომ, რომ აქვს თავისი პრეტენზიები (შეიძლება ეს არასწორი სიტყვაა). ირანი არ არის კმაყოფილი არსებული გაყოფით, რომლის მიხედვითაც მას ზღვის ფსკერის ნაწილი ხვდება. ირანი ემხრობა 5 თანაბარ ნაწილად გაყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ირანის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას, მეჯლისმა (ირანის პარლამენტმა) რატიფიცირება არ მოახდინა. სანამ არ იქნება რატიფიცირებული, ეს ხელშეკრულება ბოლომდე ძალაში ვერ შევა. ირანს არ აწყობს კასპიის ზღვის ის ფართი, წილი, რაც მას ხვდება გაყოფით. ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის შემაფერხებელი ფაქტორია ის, რომ აქტაუს 2018 წლის ხელშეკრულება არ არის ბოლომდე ძალაში შესული. ირანი არის ამის მიზეზი, რომელიც ჯერჯერობით არ ახდენს რატიფიცირებას. ეს ხელშეკრულება როგორც კი ბოლომდე შევა ძალაში, მაშინ სამართლებრივად თავისუფლად იქნება შესაძლებელი განხორციელდეს პროექტები. ამიტომ, ძალიან ძნელია თქმა და პროგნოზირება, როდის მოხდება მილსადენის მშენებლობის დაწყება. შეთანხმების თანახმად, თუ ორი მხარე, რომლის ტერიტორიაზეც არის რესურსები და სადაც გადის მილსადენი, თანახმა არიან და სხვას არ ეხება, პრაქტიკულად ამ პროექტის ხელშეშლა არ შეუძლია მესამე მხარეს. არის მანდ პრობლემები. კერძოდ ყველა მხარეს შეუძლია დააყენოს ეკოლოგიური პრობლემები. თქვა, რომ არღვევს ეკოლოგიას.’’- აცხადებს ალექსანდრე ლაცაბიძე.

ირანის ფაქტორის გარდა გასათვალისწინებელია რუსეთის პოზიციაც, რომელსაც ალტერნატიული მარშრუტების გაჩენა არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად ხელს არ აძლევს.

,,არის პოლიტიკური პრობლემაც. ირანისა და რუსეთის ინტერესებს მაინცდამაინც არ არის, რომ პირდაპირ აშენდეს მილსადენები, რომლებიც მათ ტერიტორიებს გვერდს აუვლის. რეალურად მარტო ირანი არ არის. კიდევ არის რუსეთის მომენტი. ყველა პრობლემური საკითხი რომ მოიხსნას, როგორი იქნება რუსეთის პოზიცია მეორე საკითხია. რადგან, რუსეთი არც ეკონომიკურად და არც გეოპოლიტიკურად არ არის დაინტერესებული დამატებითი მილსადენები აშენდეს, რომელიც მის ტერიტორიას გვერდს აუვლის. საკმაოდ წარმატებული პროექტები განხორციელდა აზერბაიჯანიდან. პრაქტიკულად მაგისი ხელის შეშლა ვერანაირად ვერ შეძლო და დღეს ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს. მაგის გამო არის საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები, რადგან ძირითადი მილსადენები გადის ამ სამი ქვეყნის ტერიტორიებზე.’’- აცხადებს ალექსანდრე ლაცაბიძე.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მნიშვნელობა და ფუნქციას კიდევ უფრო იზრდება. ქვეყანაზე უკვე გადის ალტერნატიული ენერგო-გზა. ტრანსკასპიური მილსადენის პროექტი კი საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტი ენერგიის გატარების საშუალებას იძლევა, რაც ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება. პროექტის განხორციელება ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს. რა სარგებელზეა საუბარი? ალექსანდრე ლაცაბიძე განმარტავს:

,,საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენი უერთდება სამხრეთ დერეფანს. ანუ დღეს დღეობით უკვე არსებობს ინფრასტრუქტურა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. დღესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო არის იმ ალტერნატიულ გზებში, რომელიც აწვდის თურქეთსაც და ევროკავშირსაც ბუნებრივ აირს და ნავთობს. შესაბამისად, რაც უფრო მეტი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენები და რაც უფრო მეტი ენერგია გაივლის, მით უფრო მეტი ბენეფიტია საქართველოსთვის. ქვეყანას ეკონომიკური მოგებაც აქვს, პოლიტიკურიც და გეოპოლიტიკურიც. ყველა მიმართულებით მოგებიანია ეს საქართველოსთვის. რეგიონს ექნება ძალიან დიდი ბენეფიტი. აზერბაიჯანი მოგებიან პირობებშია, რადგან არ არის ჩაკეტილი და ესაზღვრება საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მეშვეობით ხდება მისი ენერგიის ტრანსპორტირება ევროპაში. ძალიან რთულ მდგომარეობაშია თურქმენეთი და ყაზახეთი მაგ მიმართულებით. მათ აქვთ დიდი დამოკიდებულება რუსეთზე, ირანზე და ჩინეთზე. პირდაპირ ვერ ახერხებენ თავისი ენერგო რესურსების გატანას ევროპაში. ამ შემთხვევაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებს უჩნდებათ საშუალება, რომ თავისი ენერგია პირდაპირ გაიტანონ ევროპაში. ამით დივერსიფიცირებას მოახდენენ თავისი ენერგო მატარებლების საექსპორტო გზების. გარდა მაგისა, პირდაპირ შედიან სავაჭრო ენერგო ურთიერთობებში.’’- აცხადებს ყოფილი დიპლომატი.

ტრანსკასპიური მილსადენის პროექტში აშშ-ში თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული. პროექტის მიმართ შტატების ინტერესი დღესაც არ არის შენელებული. ალექსანდრე ლაცაბიძე განმარტავს, რომ აშშ მაქსიმალურად დაინტერესებულია ალტერნატიული მარშრუტების განვითარებით, რადგან ეს მისი სტრატეგიული პარტნიორის ევროკავშირის რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

,,ამერიკა თავიდანვე, 90-იანი წლებიდან ჩართულია პროცესებში. ამერიკა მაქსიმალურად დაინტერესებულია, რომ მარშრუტები განვითარდეს. ყოველთვის ძალიან დიდი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ენერგიას დებს ამ მიმართულებით. ეს არის ალტერნატიული გზა, რომელიც ევროკავშირს, რომელიც ამერიკის პარტნიორია ყველა მიმართულებით, დამოკიდებულს აღარ ტოვებს ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის მაგალითად რუსეთი. აქამდე ევროკავშირის გაზით მომარაგება ძალიან დიდი მოცულობით, 40%-ით იყო დამოკიდებული რუსეთზე. როგორც კი შეიქმნა პრობლემა უკრაინის მიმართულებით აღმოჩნდა, რომ საჭიროა ალტერნატიული გზების სასწრაფოდ განვითარება. ევროპა გადაერთო და ეძებს ალტერნატიულ ენერგიას, მომარაგების წყაროებს. რა საკვირველია, განიხილება ცენტრალური აზიაც. გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვისაც და ევროკავშირისთვისაც. გარდა ამისა, ცენტრალური აზიის რეგიონიც ჩინეთისა და რუსეთის გავლენის ქვეშიდან გამოდის. ჩინეთი ძალიან აქტიური მოთამაშეა ცენტრალურ აზიაში. აქ მარტო ეკონომიკა არ არის. ეკონომიკურად მნიშვნელოვანია. ალტერნატიული გზები ყოველთვის მოგებიანია, მაგრამ გეოპოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ სიტუაციაში.’’- განმარტავს ალექსანდრე ლაცაბიძე.

ყოფილ დიპლომატსა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება? ალექსანდრე ლაცაბიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი გახსნილია, გამოწვევების განეიტრალება არ უნდა გართულდეს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ყოფილი დიპლომატის შეფასებით, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას შეძლებენ, რისი ალბათობაც მაღალია, მაშინ ამ პროექტის განხორციელება აღარ გართულდება.

,,ვფიქრობ, რომ ირანთან ძალიან რთულად არ უნდა იყოს სიტუაცია, თუ შევხედავთ დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, მოლაპარაკებები მიდის ყველა მიმართულებით. თუ მოხერხდება ამერიკასა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევა, (საუბარი ახლა მიდის ბირთვულ შეთანხმებაზეა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს, 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს ამერიკამ დატოვა ეს შეთანხმება. დღეს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში განახლდა ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკება) თუ იქნება რაღაც გარღვევა მათ ურთიერთობებში, რაც თეორიაში შესაძლებელია, (ტრამპის ადმინისტრაციის მონდომებიდან გამომდინარე) მაშინ უკვე რადიკალურად იცვლება გეოპოლიტიკა რეგიონში.’’- აცხადებს ალექსანდრე ლაცაბიძე.