“ქართული ოცნების” ერთ ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დონალდ ტრამპის მიერ საჯაროდ მხარდაჭერილ სენატორს ულტიმატუმს უყენებს.

მდინარაძის თქმით, ჯიმ რიში ან მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან “ოცნების” წევრის თქმით, “გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს”.

“გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს… თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა დიფ სთეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად დიფ სთეითის ე. წ. ნარატივის გახმოვანებით”, – დაწერა მდინარაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მხარი დაუჭირა აიდაჰოს სენატორ ჯიმ რიშს მომავალი წლის შუალედური არჩევნების წინ.

„სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, წარმოადგენს აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს — შტატს, რომელიც მე მიყვარს და დიდი გამარჯვება მოიპოვა 2016, 2020 და 2024 წლებში!“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რიში დაუღალავად იბრძვის „ამერიკის უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგისთვის.

„ის ბევრს მუშაობს ჩვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ფერმერებს, იბრძვის ამერიკის ენერგოდომინაციისთვის, ჩვენი საზღვრების დაცვისთვის, ჩვენი სამხედროების და ვეტერანების გასაძლიერებლად, იცავს მუდამ თავდასხმის ქვეშ მყოფ მეორე შესწორებას და აღადგენს მშვიდობას ძალის მეშვეობით. სენატორ ჯიმ რიშს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა ხელახალი არჩევისთვის, ის არის განსაკუთრებული ადამიანი და არასოდეს დაგაღალატებთ, — დაწერა ტრამპმა.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში 2009 წლიდან წარმოადგენს აიდაჰოს შტატს სენატში.

ჯიმ რიშს კარგად იცნობენ საქართველოში, რომელიც საქართველოს საკითხზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერია. მან დემოკრატ ჯინ შაჰინთან ერთად, წარადგინა სენატში „მეგობარი აქტი“, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა თქვა, რომ ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან „დიფ სთეითს“. მანამდე მათ თაღლითები უწოდა.

სენატორ ჯიმ რიშს, რომელიც აკრიტიკებს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები.

„ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა. მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს – ერთადერთი ესაა, რაც შემიძლია ვუთხრა ბატონ რიშს“, — განაცხადა კობახიძემ 17 იანვარს.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით ჯიმ რიში ამბობდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი დაგვიანებულია და „კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს“.

“გლობალური ომის პარტია” არის “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.

ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

ცოტა ხნის წინ “ოცნების” ლიდერებმა შეწყვიტეს ამ ტერმინის (გლობალური ომის პარტია) გამოყენება და ის Deep State-ით ჩაანაცვლეს. „ოცნება“ ჯერ აცხადებდა, რომ “დიფ სთეითი” გლობალური ომის პარტიის “არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტი“ იყო ანუ ეს ორი სხვადასხვა “ორგანიზაციაა”. „ოცნების“ კონსპირაციის ბოლო ვერსიით კი, Deep State იგივე გლობალური ომის პარტიაა.

„ოცნებას“ ამ დრომდე კონსპირაციების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს ვინ არის „გლობალური ომის პარტიის“ ხელმძღვანელი.

სინამდვილეში, ყველას ვისაც „ოცნება“ „გლობალურ ომის პარტიაში“ მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.

ზოგადად „დიფ სთეითით“ უფრო გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

წყარო: "ნეტგაზეთი"