საფრანგეთის პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელთან დაკავშირებითაც ელისეს სასახლეს პრესსამსახური პრესრელიზს ავრცელებს.

პრესრელიზის მიხედვით, მაკრონმა დაგმო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ზეწოლა, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, ამასთან მაკრონმა ხაზი გაუსვა აქციების პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლების აუცილებლობას.

„პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა თავისი სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროპული კურსიდან გადაუხვია და გამოხატა თავისი დამოკიდებულება, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა აუცილებლად აისახება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც EU-ს მიერ იქნება მიღებული.

მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების შესაბამისად,“- ნათქვამია ელისეს სასახლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.