კრემლთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ქსელები სულ უფრო მეტად ცდილობენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას. უფრო კონკრეტულად კი კამალა ჰარისის კამპანიისთვის ზიანის მიყენებას.

2020 და 2016 წლების მსგავსად კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ქსელები კვლავ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობენ. ასე წერია „მაიკროსოფტის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც სავარაუდოდ კრემლიდან მართული ე.წ. „ტროლების ფაბრიკის” მიერ კამალა ჰარისის შესახებ გავრცელებული ყალბი ვიდეოებია შესწავლილი.

კერძოდ, ნახსენებია ტროლების ორი დაჯგუფება: Storm-1516 და შედარებით ახალი Storm-1679, რომლებიც აგვისტოს ბოლოდან გააქტიურდნენ, მას შემდეგ, რაც კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენი ჩაანაცვლა.

პირველ ყალბ ვიდეორგოლში კამალა ჰარისის მომხრეები დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს ესხმიან თავს, ხოლო მეორეში – ქალი ირწმუნება, რომ მას კამალა ჰარისი მანქანით დაეჯახა, რის შემდეგაც პარალიზებულია. ტროლების მიერ გავრცელებულ დადგმულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.

კრემლის გააქტიურებულ ჩარევას მოწმობს BBC-ის გამოძიებაც: რუსეთში დაფუძნებული ვებგვერდების ქსელი, რომელიც ადგილობრივ ამერიკულ მედიად აჩვენებს თავს, ყალბ ამბებს ავრცელებს. ყველაფერი კი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

„ფედერალურმა სააგენტოებმა გამოავლინეს ქმედებები, რომლებსაც მართავდა და აფინანსებდა RT, იგივე ყოფილი Russia Today, რუსული სამთავრობო პროპაგანდის ფარულად გავრცელების მიზნით. ისევე როგორც, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირების, პრორუსული პოლიტიკისა და ინტერესების გაძლიერებისა და ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის მიზნით, აქაურ და უცხოურ არჩევნებში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების კომუნიკაციების მრჩეველმა.

„როგორც ჩვენს სასამართლო ოქმებშია აღნიშნული, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო წრე საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებს მოუწოდებს, გაავრცელონ დეზინფორმაცია და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ნარატივები, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით“, – ამბობს მერიკ გარლენდი, გენერალური პროკურორი.

ეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული დეზინფორმაციული ქსელების ჩართულობის პირველი შემთხვევა არ არის. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და სენატის სადაზვერვო კომიტეტის თანახმად, 2020 და 2016 წლებშიც კრემლმა ამერიკული დემოკრატიის წინააღმდეგ მრავალი ინსტრუმენტისა და ტაქტიკის გამოყენებით, ვრცელი და კომპლექსური კამპანია აწარმოვა.

თუმცა, ამასთან ერთად, რუსეთი საკუთარი ჯაშუშური ქსელის, სახელმწიფო და სოციალური მედიის მეშვეობით არჩევნების მიმართ უნდობლობის გაღვივებას, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალური მასშტაბით ცდილობს.

აშშ-ის სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, 2020-2022 წლებში კოორდინირებული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი სულ მცირე ცხრა დემოკრატიული სახელმწიფოს 11 არჩევნებში ჩაერია.

„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის” თანახმად, მოსკოვი საკუთარი სამეზობლოს პოლიტიკაზე გავლენის შენარჩუნებას დიდი ხანია ცდილობს. თუმცა 2014 წლიდან მოყოლებული მოსკოვმა საკუთარი სამიზნე აღმოსავლეთის ბლოკის მიღმა გააფართოვა. გაამრავალფეროვნა კიბერშეტევებისა და ონლაინ დეზინფორმაციის ფორმებიც.

მარინ ლე პენმა, ულტრამემარჯვენე ფრანგმა პოლიტიკოსმა, 2014 წლის კამპანიის დასაფინანსებლად კრემლისგან 13 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი აიღო. იმავე წელს, რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს კიბერშეტევა პოლონეთის საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, რამაც იმ წლის არჩევნებისადმი ნდობა შეარყია.

2015 წელს რუსეთთან დაკავშირებული კიბერთავდასხმის მსხვერპლი ბუნდესტაგი გახდა. შეტევა ფედერალური არჩევნების წინ დოკუმენტების მოპოვებას ემსახურებოდა. შოტლანდიაში პრორუსულმა სოციალური მედიის ანგარიშებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ქვეყნის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს შედეგები გაყალბდა.

ფინეთის საპარლამენტო არჩევნების წინ კი, რუსული სუბიექტების მიერ შექმნილი ყალბი ანგარიშები ოფიციალურ საპარლამენტო გვერდებად აჩვენებდნენ თავს.

მოსკოვის პოლიტიკური აქტივობა გაძლიერდა 2016 წელს, გაერთიანებული სამეფოს „ბრექსიტის” რეფერენდუმისა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევით, რაც კიბერშეტევებსა და ონლაინ დეზინფორმაციულ კამპანიებს მოიცავდა.

მსოფლიოს მასშტაბით მწვავე კრიტიკის მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს ამ მეთოდების გამოყენებას დასავლეთ ევროპის, სკანდინავიისა და ბალკანეთის ქვეყნების არჩევნებში ჩარევისთვის.

„მაიკროსოფტის“ დასკვნები ორი კვირის შემდეგ გამოცხადდა, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო რუსეთთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ვებგვერდი წაშალა.

კომპანია მოელის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კრემლთან დაკავშირებული „ტროლების ფაბრიკები” განაგრძობენ დადგმული ვიდეოების, ცრუ ინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

წყარო: euronewsgeorgia