საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მიიჩნევს, რომ აშშ-ში FARA-ს შერბილება Deep State-ის შესაძლო ჩარევას უკავშირდება
როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,"უცნაურად დაემთხვა ეს "ქართული ოცნების" მიერ FARA-ს იდენტური კანონის მიღების გადაწყვეტილებაზე განცხადებას."
"ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში FARA-ს კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს",- განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 5 თებერვალს, "ქართულმა ოცნებამ" ამერიკული FARA-ს მიღება დააანონსა.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, პემ ბონდიმ გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც გააუქმა FBI-ის ის ჯგუფი, რომელიც ამერიკულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მთავრობების გავლენის გავრცელებას ებრძოდა. იზღუდება FARA-ს მოქმედების ფარგლებიც.
გენერალური პროკურორის განცხადებით, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს.
„გამოთავისუფლდეს რესურსები უფრო აქტუალური პრიორიტეტებისთვის და დასრულდეს პროკურატურის უფლებამოსილების ინსტრუმენტიზირება და ბოროტად გამოყენება, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს“, – ნათქვამია ბონდის განკარგულებაში.
გენერალური პროკურორის განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ FARA-ს დარღვევისთვის სისხლის სამართლის ბრალდებები უნდა მოიცავდეს მხოლოდ უცხოური მთავრობის აქტორების მხრიდან ტრადიციულ ჯაშუშობის მსგავსი შემთხვევებს.
პემ ბონდის კიდევ ერთი განკარგულებით ასევე გაუქმა რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევაზე მომუშავე ჯგუფები. განკარგულების თანახმად, აღნიშნულ პროექტებზე მომუშავე თანამშრომლები მუშაობას ნარკოკარტელებისა და ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფებთან გააგრძელებენ. კონფისკაციასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული საქმეები კი გაგრძელდება.
როგორც მედია წერს, გამოძიების ფედერალურ ბიუროში უცხოური გავლენის ოპერატიულ ჯგუფში მომუშავე 50-მდე აგენტი და დამხმარე პერსონალი ამჟამად ახალ მითითებებს ელოდებიან.
NBC News-ის ცნობით, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი გამოძიების ფედერალურ ბიუროში 2017 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეიქმნა.