აშშ-ის ახალდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ პირველ სამუშაო დღეს გამოცემული დირექტივით შეზღუდა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) აღსრულება და გააუქმა გამოძიების ფედერალურ ბიუროში არსებული ოპერატიული ჯგუფი, რომელიც საგარეო გავლენის წინააღმდეგ მუშაობდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

გენერალური პროკურორის განცხადებით, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს.

„გამოთავისუფლდეს რესურსები უფრო აქტუალური პრიორიტეტებისთვის და დასრულდეს პროკურატურის უფლებამოსილების ინსტრუმენტიზირება და ბოროტად გამოყენება, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს“, – ნათქვამია ბონდის განკარგულებაში.

გენერალური პროკურორის განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ FARA-ს დარღვევისთვის სისხლის სამართლის ბრალდებები უნდა მოიცავდეს მხოლოდ უცხოური მთავრობის აქტორების მხრიდან ტრადიციულ ჯაშუშობის მსგავსი შემთხვევებს.

პემ ბონდის კიდევ ერთი განკარგულებით ასევე გაუქმა რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევაზე მომუშავე ჯგუფები. განკარგულების თანახმად, აღნიშნულ პროექტებზე მომუშავე თანამშრომლები მუშაობას ნარკოკარტელებისა და ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფებთან გააგრძელებენ. კონფისკაციასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული საქმეები კი გაგრძელდება.

როგორც მედია წერს, გამოძიების ფედერალურ ბიუროში უცხოური გავლენის ოპერატიულ ჯგუფში მომუშავე 50-მდე აგენტი და დამხმარე პერსონალი ამჟამად ახალ მითითებებს ელოდებიან.

NBC News-ის ცნობით, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი გამოძიების ფედერალურ ბიუროში 2017 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეიქმნა.

წყარო: 1 არხი