საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე.  ქართული ოცნების მოსალოდნელ გადაწყვეტილებას სსფ–ის მისიის ხელმძღვანელი წერილობით გამოეხმაურა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ–ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“.

ჯეიმს ჯონის განცხადებით, IMF-ი ვერ ხედავს ასეთი ქმედების ვერანაირ გამართლებას და შიშობს, რომ ვეტოს დაძლევა შეარყევს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში მიაღწია; ამასთან – ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაზრდის ეკონომიკურ გაურკვევლობას.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, ჩვენი შეფასებით, დღემდე ეფექტიანად მუშაობს პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედი შემსრულებლის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, იმ ცვლილებების მიღებამ, რომელზეც დღეს ვეტოს ძალა ვრცელდება, შესაძლოა, არა – გააძლიეროს, არამედ, პირიქით, შეამციროს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც სტაბილურობის ღუზის როლი. ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, სებ–ი საქართველოში საკვანძო ინსტიტუციაა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიფიქროს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და არ დაამტკიცოს სებ–ის კანონში ცვლილებები, რათა, მათ შორის, ხელი შეეწყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განგრძობად პოზიტიურ და ძლიერ თანამშრომლობას მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში“,– აღნიშნულია ჯეიმს ჯონის განცხადებაში.

bm.ge