აშშ-ს ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა არალეგიტიმურია. ამასთან, კომისია გმობს მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას და ამბობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ჰელსინკის კომისია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს იმ პირების დასჯისკენ მოუწოდებს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და არჩევანის თავისუფლებას ზღუდავენ, აშშ-ს ახლანდელ და მომავალ ადმინისტრაციებს კი მოუწოდებს, რომ ქართველ ერს დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენაში მხარი დაუჭიროს.
განცხადებას ხელს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი, სტივ კოჰენი აწერენ.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, ქართველები თბილისის ქუჩებსა და მთელი ქვეყნის გარშემო გავიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ ქართული ოცნების პარტიის გაცხადებული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით. ამ მშვიდობიან აქციებს პასუხად უკიდურესი ძალადობა მოჰყვა. ჩვენ ამ პასუხს უმკაცრესად ვგმობთ.
არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ოქტომბრის არჩევნები გააყალბა, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა და ქართველი ხალხის არაორაზროვანი მისწრაფებები ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ კვლავ უარყო.
აქამდე ამ კვირაში, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის სრული ბოიკოტის პარალელურად ახალი მთავრობა დაამტკიცა. შესაბამისად, ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებთ, როგორც ახლანდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციებს, რომ ქართველებს ერთგულად დაუჭირონ მხარი მათ ბრძოლაში, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაბრუნებას ემსახურება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დასაჯოს ისინი, ვინც ქართველების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და მათი ლიდერების არჩევის უფლებას არღვევენ.
წყარო: ტაბულა
შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.