გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პრეს–სპიკერი ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც საქართველოში გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს, "ე.წ ელჩი უწოდა".
როგორც "აქცენტს" გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პრეს–სპიკერმა განუცხადა, "გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს".
"ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ საქართველოს პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენლების ნებისმიერ ჩარევას ამ კუთხით", – დასძინა მან.
მისივე თქმით, გერმანიისთვის მიუღებელია "საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპულ პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელება":
"მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების მზარდ აგრესიულ რიტორიკას ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანია და ევროკავშირი არ მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპულ პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელებას".
როგორც მან აღნიშნა, რომ "ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები საფრთხეშია" და კიდევ ერთხელ მოუწოდა "ქართულ ოცნებას", "შეცვალოს არსებული კურსი".
"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, შეცვალოს არსებული კურსი. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის მასშტაბი და ინტენსივობა საფრთხეშია", – თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პრეს–სპიკერმა.
ცნობისთვის: 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა, საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.
მოგვიანებით, იმავე დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი".
"აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად გერმანის საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს. ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში",- დასძინა მან.