ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმის კადრების მედიისთვის არ გადაცემის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოლიგარქია და მსხვილი ბანკი, რომელმაც ეს კადრები დამალა ერთმანეთს ხელს აფარებს.
„რით აიხსნება საქართველოს ბანკის მიერ (სახელმწიფოს ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი) კადრების დამალვის სამარცხვინო პოზიცია?
საქართველოს ბანკმა, მხოლოდ ამა წლის პირველ სამ თვეში, 301 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა. მოგების მარჟამ (ROE) თითქმის 30% შეადგინა. შედარებისთვის, ეს არის ამერიკულ ბანკებზე 3 ჯერ, ხოლო ევროპულ ბანკებზე 4 ჯერ მეტი მომგებიანობა (იგივე მდგომარეობაა 6%-იანი წმინდა საპროცენტო მარჟის თვალსაზრისით). ასეთი მოგება შეიძლება ჰქონდეს ფინტექ კომპანიებს, პატარა ინსტიტუტებს და ა.შ., მაგრამ 30 პროცენტიანი მომგებიანობა, ქვეყნის უმსხვილესი 28 მილიარდიანი აქტივების მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, ყველაზე რბილად არაკონკურენტულ, ხოლო ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ფავორიტულ გარემოზე მიუთითებს.
შედარებისთვის, რა გააკეთა სამხრეთ კორეამ როცა არათუ ერთმა, ხუთმა მსხვილმა ბანკმა ასეთი მომგებიანობა დააფიქსირა? ბაზარი გახსნა, ახალ და მცირე მოთამაშეებს ხელი შეუწყო, რომ კონკურენტული გარემო გაეზარდა, რითაც ეკონომიკა და მომხმარებელი იხეირებდა.
ჩვენ კი ვხედავთ კლასიკური ქრონი კაპიტალიზმის მაგალითს, როდესაც ოლიგარქია და მსხვილი ბანკი ერთმანეთს ხელს აფარებს. შედეგად კი, ვღებულობთ რომ ყველანი (მოქალაქეები, მომხმარებლები, მსესხებლები, დეპოზიტარები და ა.შ.) ვაგებთ. თანაც ეს ტერორი როდის შეუბრუნდება იმავე მსხვილ ბიზნესს ადვილი გამოსაცნობია, ამისთვის მეზობელ რუსეთს შეხედეთ. თუ გგონიათ დაცვით სიარულია გამოსავალი, ასევე ძალიან ცდებით,“ - წერს გიორგი ქადაგიძე.