რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბაზარზე კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს“. როგორც კომპანიის მიერ რუსეთის ავიაგადამზიდავთა ასოციაციისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ივნისის დასაწყისში მთავარმა საწვავის მომწოდებელმა კომპანიას აცნობა, რომ აუცილებელი გახდა მოხმარების დაახლოებით ერთი მესამედით შემცირება. მიზეზად დასახელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარება, რამაც ბაზარზე საავიაციო საწვავის მოცულობის შემცირება გამოიწვია.

აზიმუტის“ ინფორმაციით, საჭირო რაოდენობის საწვავი არც ალტერნატიულ მომწოდებლებს გააჩნიათ. დეფიციტთან ერთად მკვეთრად გაიზარდა საწვავის ფასიც. კომპანიის ცნობით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში საავიაციო საწვავის საშუალო ფასი 17%-ით გაიზარდა.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ არსებული პირობების გამო დაგეგმილი ფრენების პროგრამის შესრულება „ეკონომიკური თვალსაზრისით აზრს კარგავს“, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მიმართულებებზე.

აზიმუტმა“ მიმართა თხოვნით რუსეთის ავიაგადამზიდავთა ასოციაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მიმართოს და ვითარების სტაბილიზაციისთვის შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვოს.

ცნობისთვის, რუსეთში საწვავის კრიზისი 2026 წლის მაისის ბოლოს დაიწყო, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების გაძლიერების ფონზე. სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, 15-21 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ბენზინის წარმოება დაახლოებით 25%-ით შემცირდა 2025 წლის ივნისის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საწვავის გაცემაზე შეზღუდვები უკვე მოქმედებს რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში, ასევე ირკუტსკის, ომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში, აგრეთვე ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ შიდა ბაზარზე არსებული მდგომარეობა „მარტივი არ არის, თუმცა კონტროლირებადია“, ხოლო დეფიციტი „ცალკეულ რეგიონებსა და ავტოგასამართ სადგურებზე პერიოდულად წარმოქმნილი ლოგისტიკური პრობლემების შედეგია“.

1tv.ge