ევროპულმა კომისიამ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა.

როგორც ევროკომისიის ოფიციალურ პრესრელიზში წერია, ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ევროკომისიის წინადადება, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, დასამტკიცებლად მოითხოვს მხოლოდ წევრი ქვეყნების უმრავლესობის ხმას, რაც უნგრეთსა და სლოვაკეთს ართმევს ვეტოს უფლებას.

იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ბლოკის ყოველ წევრ სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევს, მათ შორის, ვიზის მოთხოვნების დაწესება (ანუ ვიზის გაცემის გამარტივებული წესის მოხსნა) საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურეობრივი/ოფიციალური პასპორტის მქონეთათვის და ამ ზომების შესახებ სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის და კომისიისთვის შეტყობინება.

„დღეს კომისია წარადგენს შეთავაზებას, რომ შეჩერდეს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილი. თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 90 დღემდე, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. სავიზო რეჟიმის გამარტივება, როგორიცაა განაცხადის სწრაფი განხილვა, დაბალი სავიზო მოსაკრებლები და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე აღარ გავრცელდება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ქართველ მფლობელებზე. ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე მოგზაურობისას.

ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომლებიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე.

გარდა ამისა, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში), ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ფასეულობების ბირთვს წარმოადგენს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, გადამწყვეტი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის.

ევროკავშირმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს სერიოზულ დემოკრატიულ უკანდახევაზე საპასუხოდ: ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ქმედებები იწვევს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას. 

შემდეგი ნაბიჯები

ახლა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დღევანდელი წინადადების თაობაზე, რომელიც სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებას გულისხმობს. თუ საბჭო მიიღებს წინადადებას და ის ძალაში შევა, წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ საჭირო ზომების მიღება. ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის დააწესონ სავიზო მოთხოვნები და აცნობონ ამ ზომების შესახებ სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას.

ასევე, წევრ ქვეყნებს მოუწევთ, შეწყვიტონ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების ქართველი მფლობელებისთვის არსებული გამარტივების გამოყენება, როგორიცაა განაცხადის განხილვის უფრო მოკლე დრო, დაბალი სავიზო მოსაკრებლები და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა სავიზო განაცხადებისთვის." - ნათქვამია განცხადებაში.