საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, კრემლის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ეს რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებაა.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი. ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა თავად წყვეტს, რომელ ქვეყანასთან მოხსნას და რომელთან დააწესოს სავიზო რეჟიმი. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან უვიზო მიმოსვლას, მინდა შევახსენო ჩვენ მოქალაქეებს, თუ როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ საქართველოში მცხოვრებლებთან და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.