დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ? – ამ თემაზე კვლევას ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სადაც ნათქვამია, რომ ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესება ქვეყნისთვის, ცხადია, მოკლევადიანი შოკი იქნება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს გაცილებით უფრო პროგნოზირებადი და მომგებიანი ბაზრების ფორსირებულად ათვისებას. ამ დივერსიფიცირების გარეშე კი ვერ მივაღწევთ საშუალოვადიან პერიოდში ხელშესახებ ეკონომიკურ ზრდას.
კვლევაში ნათქვამია, რომ ქვეყანას აქვს ექსპორტის დივერსიფიცირების გამოცდილება: 2005-2011 წლებში ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა 17.76%-დან 1.67%-მდე ($117 მილიონით, $153.7 მილიონიდან $36.6 მილიონამდე).
სანაცვლოდ 2005-2011 წლებში გაიზარდა ექსპორტი: აზერბაიჯანთან 9.64%-დან 19.48%-მდე ($342.5 მილიონით, $83.4 მილიონიდან $425.9 მილიონამდე); სომხეთთან 4.59%-დან 10.19%-მდე ($183.1 მილიონით, $39.7 მილიონიდან $222.8 მილიონამდე ; აშშ-სთან 3.09%-დან 6.56%-მდე ($116.8 მილიონით, $26.7 მილიონიდან $143.5 მილიონამდე); უკრაინასთან 4.27%-დან 6.46%-მდე ($104.3 მილიონით, $36.9 მილიონიდან $141.2 მილიონამდე); 2013 წლიდან კი ექსპორტში რუსეთის წილი 1.97%-დან 2017 წ. 14.49%-მდე იზრდება ($351.1 მილიონით, $46.8 მილიონიდან $397.9 მილიონამდე).
რაც შეეხება იმპორტის დივერსიფიცირების გამოცდილებას, 2006-2011 წწ. ემბარგოს და ომის გამო რუსეთის წილი იმპორტში შემცირდა 15%-დან 5%-მდე ($167.4 მილიონით, $555.4 მილიონიდან $388.0მილიონამდე)
სანაცვლოდ 2006-2011 წლებში - იმპორტში თურქეთის წილი გაიზარდა 14%-დან 18%-მდე ($756.1 მილიონით, $522.6 მილიონიდან $1,278.7 მილიონამდე); იმპორტში ჩინეთის წილი გაიზარდა 3%-დან 7%-მდე ($424.4 მილიონით, $103.3 მილიონიდან $527.7 მილიონამდე); 2012 წლიდან კი რუსეთის, როგორც მნიშვნელოვანი საიმპორტო ქვეყნის წილი კვლავ იზრდება. 2012-2022 წწ. რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში გაიზარდა 6%-დან 14%-მდე ($1,358.7 მილიონით, $476.9 მილიონიდან $1,835.6 მილიონამდე); 2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემების მიხედვით, კი რუსეთი უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს 14%-იანი წილით ($622.3 მილიონი).
IDFI წერს, რომ რუსეთთან გაზრდილმა ვაჭრობამ და რუსული კაპიტალის ინექციებმა (რუსეთის მოქალაქეების ხარჯვა და დეპოზიტები) მოგვცა მოკლევადიანი ფისკალური და მონეტარული ეფექტი, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას სერიოზული რისკები ახლავს, კერძოდ: საერთაშორისო პარტნიორების შერყეული ნდობა, სხვა პროგნოზირებადი და გაცილებით უფრო მომგებიანი ბაზრების ვერ ათვისება და დამოკიდებულების ზრდა უმდაბლესი მოთხოვნების ბაზარზე.