თურქული მედია მსახიობი ჰანდე ერჩელის ჩვენების დეტალებს ავრცელებს.
თურქმა მსახიობმა, ჰანდე ერჩელმა, რომლის წინააღმდეგაც სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავების ორდერი გამოსცა, გუშინ პროკურატურას ჩვენება მისცა. მსახიობი სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში სისხლისა და თმის ნიმუშების ჩაბარების შემდეგ გაათავისუფლეს.
„ნარკოტიკები ან სტიმულატორები არასდროს მიმიღია. ასევე, არასდროს მინახავს, რომ ისინი ჰაკან საბანჯის (ყოფილი შეყვარებული) მიეღოს“, - განაცხადა ერჩელმა.
მსგავსი ჩვენება მისცა ერჩელის ყოფილმა შეყვარებულმაც, ჰაკან საბანჯიმაც და აღნიშნა, რომ „მისი თანდასწრებით ჰანდეს ნარკოტიკები არასდროს მიუღია“.
„საქმეში აღნიშნული სხვადასხვა ადგილებიდან, მე მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი „ბებეკის“ სასტუმროს რესტორანში საქმიანი შეხვედრებისთვის. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ღამის ცხოვრება არ მაქვს. გარკვეული ბიზნესმენების მიერ ორგანიზებულ კერძო წვეულებებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიმიღია და მათ არ დავსწრებივარ. ჯანსაღი ცხოვრების წესს ყურადღებით ვეკიდები. ჩემ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არ ვეთანხმები“, - აღნიშნა მსახიობმა.
ცნობისთვის, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირის დაკავების ორდერი გასცა. აქედან 14 ორი დღის წინ დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები. დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში