სოციალურად დაუცველთა ბაზების მასობრივ გადამოწმებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება.

ცენტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ბევრ კითხვას აჩენს და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის და მათ მიმართ თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის მიღმა დატოვების რისკებს ქმნის.

საქართველოში საარსებო შემწეობის სისტემა დაახლოებით 20 წელია არსებობს. იგი 2006 წელს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანების გადასარჩენად შეიქმნა. თუ ოჯახში 16 წლამდე ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, დახმარება გაიცემა 120 001 ქულის მქონე ოჯახებზე, სხვა შემთხვევაში, 65 001 ქულაა.

„16 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე დახმარება 200 ლარს, ხოლო 16 წლის ზემოთ ადამიანებზე 30-დან 60 ლარამდე შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის გათვალისწინებული გასაცემელი პერიოდულად იზრდებოდა. თუმცა, 16 წელს ზემოთ ადამიანებზე გათვალისწინებული გასაცემლის ზედა ზღვარი – 60 ლარი, 2013 წლის ივლისიდან დადგინდა და ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიუხედავად, მისი ოდენობა არ გაზრდილა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამომხმარებლო ფასების ინდექსის თანახმად, 2013 წლის ივლისის მდგომარეობით, 60 ლარის სამომხმარებლო ღირებულება 2025 წლის ოქტომბრისთვის 106 ლარს შეადგენდა. ამასთან, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 60 ლარის სამომხმარებლო ღირებულება 2013 წლის ივლისისთვის მხოლოდ 33.79 ლარის ტოლი იყო. შესაბამისად, მიუხედავად სოციალურ დაცვაზე ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდისა, ინდივიდუალურ დონეზე საარსებო შემწეობის რეალური ოდენობა არა თუ არ გაიზარდა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა კიდეც“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, წლების განმავლობაში, ქულების დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა. ამჟამინდელი მოდელი ისეთ ცვლადებზე დაყრდნობით აფასებს საჭიროებებს, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახის შემადგენლობა, უძრავი და მოძრავი ქონება, ცალკეული შინაური ცხოველის ყოლა, შემოსავლები, განათლების დონე და სხვა.

„მაგალითისთვის, ქულის გამოთვლის დროს მხედველობაში მიიღება საცხოვრებელში პარკეტის არსებობის ფაქტი; კომუნალური გადასახადები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, ოჯახმა ეს გადასახადი მინიმალურ საჭიროებებზე უარის თქმის ხარჯზე გადაიხადა ან თუნდაც თანხა ისესხა; მიწის არსებობა, მიუხედავად იმისა, რაიმე ტიპის შემოსავალთან არის თუ არა იგი დაკავშირებული და სხვა.

არსებული სისტემა დღემდე ვერ ახერხებს სიღარიბეში მცხოვრები ყველა ადამიანისა და ოჯახის იდენტიფიცირებას. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმედის არარსებობაა, რომ თხოვნა დაკმაყოფილდება.

კეთილდღეობის ირიბი შეფასების სისტემის გათვალისწინებით, შინამეურნეობების შეფასებისას ყოველთვის ხდება ე.წ. ჩარიცხვისა და ამორიცხვის შეცდომები – საჭიროების მქონე ოჯახები (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ქრონიკულ სიღარიბეს ჯერ კიდევ არ განიცდიან), შესაძლოა, მხარდაჭერის მიღმა დარჩნენ, ხოლო ამგვარი საჭიროების არმქონე შინამეურნეობები – სისტემაში მოხვდნენ.

აღნიშნული გამოწვევები არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, არამედ ყველა იმ სისტემას ახასიათებს, რომელიც კეთილდღეობის ირიბი შეფასების მეთოდს იყენებს“.

ცენტრის შეფასებით, პროგრამის ბუნდოვანი დიზაინი სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზაციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

„სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების თვალში სერვისი თვითნებურია. არსებული მეთოდოლოგია მათ არწმუნებს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, პროგრამით მანიპულაცია შესაძლებელია.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ჩათვლის, რომ მისი კეთილდღეობის ქული უსამართლოდ გამოთვალეს, მას მყისიერი, ხელახალი შეფასების მოთხოვნის შესაძლებლობა არ გააჩნია.

გამონაკლისს წარმოადგენს შეფასებისას დაფიქსირებული ფაქტობრივი შეცდომები, რომელთა კორექტირებაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ხდება.

ამ შემთხვევების მიღმა, ადამიანებმა ხელახალი შეფასებისთვის 1 წელი უნდა მოიცადონ, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არაპროპორციული და ღირსების შემლახავი შეიძლება იყოს.

სერვისზე წლობით დამოკიდებული ოჯახები სახელმწიფოს მხრიდან ინსტრუმენტალიზაციის მომეტებული რისკების ქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

„ქართული ოცნების“ ამჟამინდელი გადაწყვეტილება არაერთ კითხვას ბადებს და გამოწვევებზე უთითებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდი რამდენიმე წლის წინ დასრულდა და გადამოწმებაზე მორატორიუმს თავისი მიზეზები უნდა ჰქონოდა. „ბუნდოვანია, ამდენი წელი რატომ დასჭირდა პროცესის დაწყებას, მით უმეტეს, რომ გადაუმოწმებლობას შესაძლოა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსის არამიზნობრივად ხარჯვა გამოეწვია. ის, რომ ამგვარი გადამოწმება 2024 ან 2025 წელს არ მოხდა, არაპირდაპირ შეიძლება წინასაარჩევნოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა ინსტრუმენტალიზაციაზე უთითებდეს.

2020 წლიდან მოყოლებული, ზემოაღნიშნულ დახმარებაზე 4 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა.

მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პროცესის მიზანი თანხის დაზოგვა არ არის და იგი მხოლოდ პროგრამის ეფექტიანობის მიღწევას ისახავს ამოცანად. თუმცა, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის, განათლების რეფორმა თუ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, არაპირდაპირ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზეც უთითებს, რომელიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში სხვადასხვა წყაროდან (მათ შორის, პარტნიორი ქვეყნებიდან) მიღებული შემოსავლების დაკარგვის ან შემცირების პროცესში გარდაუვალია.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი, თუნდაც, მეორეული მიზეზი, შესაძლოა, ფინანსების დაზოგვაც იყოს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სარჯველაძემ გადამოწმების პროცესი „პოლიტიკური სპეკულაციების“ დასრულებას დაუკავშირა.

წლების განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირება „ქართული ოცნების“ რიტორიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა. პარტიის წარმომადგენლების თქმით, აბსოლუტური სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა (9.4 %) დასული, შესაბამისად, სხვადასხვა აქტორების, მათ შორის, თემაზე მომუშავე პირების მითითება საარსებო შემწეობის მიმღებთა ასევე ისტორიულად მაქსიმალურ რაოდენობაზე, რომელიც სოციალურ მოწყვლადობასთან ერთად, სახელმწიფოზე დამოკიდებული მოქალაქეების დიდ ნაწილზე უთითებდა, მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ პარტიის მტკიცებას ეწინააღმდეგებოდა.

აქედან გამომდინარე, შეფასების ერთ-ერთი მიზეზი სოციალურად დაუცველთა დიდი რაოდენობის შესახებ აპელირების შესაძლებლობის გაქრობა შეიძლება იყოს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

მათი თქმით, ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის სტატისტიკაზე სიღრმისეული საუბარი წინამდებარე დოკუმენტის მიზანს სცდება, „თუმცა, კვლევებზე დაფუძნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სულაც არაა ინკლუზიური და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული.

პირიქით, იგი ძირითადად მეორადი მანქანების რუსეთში გაყვანაზე, ტურიზმსა და ემიგრანტების გზავნილებზე დგას. ამგვარი ზრდა, თბილისსა და ბათუმის გარდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თითქმის არ აისახება.

მეორე მხრივ, სიღარიბის შემცირებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, მხედველობაში ვიქონიოთ ის არაერთი განზომილება, რაც მას გააჩნია. მაგალითად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის მიხედვით, სიღარიბე წარმოადგენს ადამიანის მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება იმ რესურსების, შესაძლებლობების, არჩევანის, უსაფრთხოებისა და უფლებამოსილების მდგრადი ან ქრონიკული ჩამორთმევით, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ადეკვატური სტანდარტით სარგებლობისა და სხვა სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების რეალიზაციისათვის.

შესაბამისად, სიღარიბეზე საუბრისას არა მხოლოდ აბსოლუტურ სიღარიბეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება (როგორც ამას “ქართული ოცნება” აკეთებს), რომელიც, ძირითადად, მხოლოდ იმ მოსახლეობაზე ახდენს კონცენტრირებას, რომელიც საკვებითაც კი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ თავს, არამედ სხვა ინდიკატორებზეც.

მათ შორისაა:

საარსებო შემწეობის მიმღებთა და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა და სისტემაში მათი დარჩენის მაჩვენებლები;

ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც სოციალური მოწყვლადობისა და შემოსავლების უთანასწორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს და მოიცავს მოსახლეობის იმ წილს, რომელიც მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60 %-ზე ნაკლებს მოიხმარს.

2024 წლის მონაცემებით, ფარდობითი სიღარიბე ქვეყანაში 18.9% იყო (შედარებისთვის, 2013 წელს იგივე მონაცემი 21.5%-ს უტოლდებოდა). ამ მხრივ, გამოწვევებია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში, სადაც ფარდობითი სიღარიბე 25 %-ს ტოლია.

ჯინის კოეფიციენტი, რომელიც საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ინდიკატორს წარმოადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 და 2024 წლების მაჩვენებლები 2021 და 2022 წლების მაჩვენებლებს 2 პუნქტით აღემატება, რაც სოციალური უთანასწორობის ზრდის მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბე კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, 2024 წლისათვის მოსახლეობის 4.2%-ის მოხმარება დღეში 3 აშშ დოლარზე ნაკლები იყო, 11%-ის – 4.2 აშშ დოლარზე ნაკლები, ხოლო 45.6%-ის – 8.3 აშშ დოლარზე ნაკლები.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა 37.8% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისში ცხოვრობს.

საყურადღებოა ისიც, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ე.წ. ჩარიცხვის შეცდომებზე საუბრობს და ყურადღებას არ ამახვილებს ამორიცხვის შეცდომებზე, რომელიც ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო პრობლემურია.

სამწუხაროა, რომ სოციალურ პოლიტიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთგვარად ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და ეფექტიანი სისტემის შექმნას არ ისახავს მიზნად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ საუბრობენ მთლიანი სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირების ხედვებზე. არ საუბრობენ მხარდაჭერის იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმების შემუშავების კონკრეტულ გეგმებზე, როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობის დაზღვევა, საბინაო პოლიტიკა, ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება, დასაქმებისა და განათლების ინკლუზიური პოლიტიკის ჩამოყალიბება და სხვა.

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ერთიანი და რეალურად მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავებისა და ამგვარი პოლიტიკის განხორციელების ბარიერების იდენტიფიცირების ნაცვლად, “ქართული ოცნება” მხოლოდ ოჯახების შეფასებასა და ბაზიდან ამორიცხვას ისახავს მიზნად.

ის ოჯახები, რომლებიც სისტემაში ჯერჯერობით დარჩებიან, გაორმაგებულ დაუცველობასა და იმის შიშში გააგრძელებენ ცხოვრებას, რომ რაიმე ტიპის დევიაციური ქცევა, შესაძლებელია, მათ მინიმალური მხარდაჭერის დაკარგვად დაუჯდეთ“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

batumelebi.netgazeti.ge