საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გაგუა საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ.

"საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში, ძალიან ბევრ საჯარო მოხელესთან ერთად მიმუშავია ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე. აქვე, ყველას მადლობა თანამშრომლობისათვის.

შეუძლებელია, საჯარო სექტორში მოღვაწეობდე და არ გქონდეს გათვითცნობიერებული, შენი მუშაობით რა მიზანს ემსახურები. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს მიზანი ჩვენთვის ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავალი.

ყველამ ვაღიაროთ, რომ დღევანდელი საჯარო სექტორის საქმიანობა თქვენს კვალიფიკაციას აღარ შეესაბამება, ამიტომ დადგა დრო, საჯაროდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია.
ყველას გვახსოვს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა მიგვიღია გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელსაც არ ვეთანხმებოდით, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მოვქცეულვართ ასე, თუმცა დგება მომენტი, როცა ყველას გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ. საჯარო მოხელეების ხმა არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა!

საჯარო სექტორი კი ვალდებულია, ყველა საჯარო მოხელის აზრი გაითვალისწინოს!", - წერს ნიკოლოზ გაგუა.

შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ათეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.