ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავის დროზე რომ არ შეეტანათ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილება, რომლითაც აღმოიფხვრა ბუნდოვანება, ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ვის უნდა შეესრულებინა მოვალეობა, დღეს სერიოზული ფინანსური კრიზისი დადგებოდა, ვინაიდან სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევიტანეთ კანონში ცვლილება, ბუნდოვანება, ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ვის უნდა შეესრულებინა მოვალეობა, აღმოიფხვრა. ჯერ ისედაც სწორი იყო ეს ცვლილება, გაცილებით შესატყვისი ევროპული პრაქტიკის და აღმოიფხვრა ხარვეზი. მეორე, ჩვენ გვქონდა გარკვეული ინფორმაციები. რომ არა ეს ინფორმაციები და ასეთი სწორი დალაგება კანონის მიხედვით, ჩვენ დღეს გვექნებოდა სერიოზული ფინანსური კრიზისი, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა იმით რომ, გუშინ სამი მოადგილე გადადგა. ამასობაში გაეპარათ ერთი დეტალი, რომ ორი კანდიდატი მანამდე წარმოადგინა პრეზიდენტმა. რომ მიხვდნენ, ფინანსური სისტემის ჩამოშლას სჭირდებოდა, ეს ორი ადამიანი არ დამტკიცებულიყო, შემდეგ გაწვევა მოინდომეს. ეს იყო ოქტომბერ-დეკემბრის აქციების მზადების ერთ-ერთი წინაპირობა და ვერ მოითმინეს, აქედანვე უნდოდათ დაწყება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ფინანსური სისტემის ჩამოქცევის მცდელობაში პრეზიდენტს თანამზრახველის როლი ჰქონდა“.

„მაყურებელმა განსაჯოს, არის თუ არა ფინანსური სისტემის ჩამონგრევის მცდელობა, როდესაც თავის წარმოდგენილ კანდიდატებს უკან იწვევს, შემდეგ აღმოაჩენს, რომ არ არის ნორმა, რომელიც ამას ითვალისწინებს და იბარებს ამ ორ კანდიდატს, ელაპარაკება, რომ თავად დაწეროს განცხადება. პრეზიდენტი რომ ამას აკეთებს, სხვა რაღაზე ვილაპარაკოთ. ის ამ საკითხში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების თანამზრახველია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

1tv.ge