დღეს,10 მაისს, ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა-ამბასადორიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და ასევე გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.