არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა, ეს ყველამ ვიცით იმიტომ, რომ ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის - ქარტიის ირგვლივ ვიცოდით ზუსტად, სამოქმედო გეგმა რა იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და ჟურნალისტისვე შეფასებას, რომ ოპოზიციით კმაყოფილი არ არის.

ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიცია არჩევნებისა და საპარლამენტო საქმიანობისთვის ემზადებოდა და არჩევნების შედეგებს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.

„არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა, ეს ყველამ ვიცით იმიტომ, რომ ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის - ქარტიის ირგვლივ ვიცოდით ზუსტად, სამოქმედო გეგმა რა იყო, რა კანონები იყო მისაღები, როგორ უნდა წავსულიყავით ახალ არჩევნებამდე - ამაზე არ იყო ბოლომდე შეთანხმება, მაგრამ მივიდოდით იქამდე, ამის პირობას გაძლევთ. ამისთვის იყო მომზადებული ეს ოპოზიცია, რომელიც, კიდევ ერთხელ, არის მრავალფეროვანი და არა წინასწარ შეთანხმებული და ეს კარგია, ეს არის დემოკრატია და რაც გვაქვს, ეს გვაქვს - ეს არის საწყისი. ჩვენ 33 წელია, ვცხოვრობთ ერთპარტიულ სისტემაში, პატარა გამონაკლისების გარდა, რომლებიც დიდხანს არ გაგრძელდა. ეს ძალიან რთულია, მითუმეტეს, როცა ვთხოვთ პოლიტიკურ პარტიებს, იყვნენ ერთად იმ საქმეში, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტიის პირველი დანიშნულება, რომ ახლა ქუჩის პროტესტი მართოს - ისინი არ ემზადებოდნენ ამისთვის. ემზადები არჩევნებისთვის, ემზადები იმისთვის, რომ პარლამენტში პოლიტიკურად მიიღო მონაწილეობა და იქ კანონები მიიღო, ამ საქმისთვის ხარ მზად და უცებ უნდა გამართო ქუჩის აქციები.

კოორდინაცია მეტი უნდა იყოს, ეს არის ხალხის მოთხოვნა და ხალხს თუ არ მოუსმენენ პოლიტიკური პარტიები, სხვა გამოსავალი არავის გამოუგონია, თუ არა არჩევნები, როცა ქვეყანა არის ღრმა კრიზისში. ერთი ვარიანტი, ყველაზე უკიდურესი არის, რომ ჩაგვაბარონ რუსეთს, არ მინდა ვიფიქრო, რა მოხდება ამ ქვეყანაში, თუ იქ მიგვიყვანეს, რასაც ნიშნავს რუსეთს ჩაბარება. მეორე გამოსავალი არის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი, ახალი არჩევნები, რომელიც არ გულისხმობს, რომ “ქართული ოცნება” უცებ გადავარდება, დაიჭერენ და აღარ იქნება. ახალი არჩევნები ნიშნავს, რომ მიიღებენ თავიანთ კუთვნილ რაღაცას. ანუ ქვეყნის სტაბილურობა გადის ახალ არჩევნებზე”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა. ამასთან, პრეზიდენტი დასძენს, „ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში“.

„მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ არ შევლენ. 2020 წელთან უაზრო შედარებებია, რომელიც სულ სხვა რამე იყო, იქ არ იდგა ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი, პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში და იმუშავეთ იმ რეფორმებზე, რასაც ვითხოვთ. მაშინ საზოგადოებაში არ იყო განცდა, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდიოდა. არ იყო განცდა, რომ არჩევნები მასიურად გაყალბდა. იყო [გაყალბება], როგორც მე ვეძახი „ნორმალური გაყალბება“, მაგრამ ის განცდა, რომ არჩევნები და ქვეყანა მოგვპარეს, ეს განცდა არ არსებობდა. ამიტომ ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. დღეს, ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

პრეზიდენტის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მარტოა პარლამენტში, მარტოა მთავრობაში, ყველა ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში არსებობს, არის სრულად დამოკიდებული „ამ ერთ პარტიაზე და ამ ერთ ადამიანზე“.

„სანამ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, „ოცნება“ რჩება მარტო. დღეს არიან სულ სხვა მდგომარეობაში: მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში - ერთპარტიულია მთავრობა და პარლამენტი და ყველა ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში არსებობს, არის სრულად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ამ ერთ ადამიანზე.

დღეს მდინარაძემ განაცხადა, რომ ისეთი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც იმედებს არ გაგვიცრუებსო. ანუ პრეზიდენტზე მოთხოვნა არის ის, რომ სრულად იყოს დამოკიდებული, როგორც არის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა, სუს-ი, ეროვნული ბანკი, აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია და ერთი პარტია ერთი ვერტიკალის ქვეშ, ამას რა ჰქვია? - რუსეთი, ხომ? ამ სურათის ფონზე ყველა უფლებები არის დარღვეული. მე მაბრალებენ კონსტიტუციას არღვევსო. ყოველდღე ირღვევა ყველა უფლებები. უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა, რექტორი გახდა მათ დაქვემდებარებაში, პოლიცია შედის უნივერსიტეტში ანუ ამ ქვეყნის მიმართ იქნება უცხოეთის აღიარება? არ მოხვდება ეს ქვეყანა იზოლაციაში?“- განაცხადა ზურაბიშვილმა.