არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში - ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადებაშია აღნიშნული, რომლის შინაარსიც საზოგადოებას „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გააცნო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია.
მათივე თქმით, ოპოზიცია 14 დეკემბერს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს.
ამასთან, ხელისუფლების ოპონენტების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ, საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს, ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა.
„ჩვენ, 26 ოქტომბერს გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა არჩევნების ნაცვლად კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ. ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ, ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს. მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. პასუხად ქართველი ხალხი აგრძელებს მტკიცე, უწყვეტ და უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს მთელ საქართველოში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა.
მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოვითხოვთ, საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეჟიმის არცერთი მსხვერპლი არ დარჩება სათანადო ზრუნვის, ხოლო არცერთი მოძალადე უმკაცრესი სასჯელის გარეშე. ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პასუხის აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა თავისუფალი მედია. მადლობას გიხდით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არ აქვს არც საერთაშორისო და არც ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში.
შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი - ახალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საქართველოს მოვალეები სახელმწიფოს ბედს გადაწყვეტენ. ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს“, - ნათქვამია სამი ოპოზიციური პარტიის - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და ძლიერი საქართველოს" განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ირაკლი კუპრაძემ გააცნო.