პარლამენტში ინიციირებულია კანონის პროექტი, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებს დროებით - 2024 წლის 31 დეკემბრამდე უძრავი ქონების შეძენა აეკრძალებათ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ მოამზადეს. პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
პროექტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს 2024 წლის 31 დეკემბრამდე უძრავ ნივთზე ნასყიდობის ან ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრების უფლება ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ იმ პირებზე არ გავრცელდება, რომლებიც ქონებას მემკვიდრეობით მიიღებენ.
პროექტის ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი უსაფრთხოების პრობლემების გარდა, გამიზნულია საქართველოს მოქალაქეების ფასების ზრდისგან დასაცავად.
„საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, ქვეყანაში შემოსულია რუსეთის, დაახლოებით, 120 000 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ბინებსა და სხვა უძრავ ქონებას ინტენსიურად ყიდულობენ. 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 6 062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4 520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2 187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა 1 679 ადამიანს შეადგენს. რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შეძენის ასეთი ზრდადი ტენდენცია საქართველოს მოქალაქეთათვის საკუთრების უფლებას ზღუდავს. ამ მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბინების ფასი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების საკმაო ნაწილისათვის გართულებულია როგორც ბინის ყიდვა, ასევე ქირავნობაც“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.