აფხაზეთში ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის ანრი ბარციცის მიერ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საარბიტრაჟო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიკაციის შემთხვევაში, აფხაზეთისთვის საარბიტრაჟო საქმეებზე რუსეთის ფედერაციის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულო გახდება. შეთანხმება რატიფიცირებულია რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ. მას ხელი უკვე მოაწერა ვლადიმერ პუტინმა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში დოკუმენტი რატიფიცირებისთვისაა გადაგზავნილი, თუმცა მას მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია და ექსპერტთა წრე.
გარდა ამისა, აფხაზური ოპოზიცია შიშობს, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე მოუწევთ რუსეთში მცხოვრები და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი ლტოლვილებისთვის ქონების დაბრუნება. შესაბამისად, აფხაზური ოპოზიციის აზრით, აფხაზეთს მხოლოდ ერთი რჩება - არ მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, შიში, რომ შეთანხმება ეთნიკური ქართველების ინტერესებს დაიცავს, ირაციონალურია და რეალობას არ შეესაბამება. რეალურად, შეთანხმება ემსახურება აფხაზეთის ანექსიის განმტკიცებას და არა ქართველი ლტოლვილების ქონებრივი უფლებების დაცვას. რუსეთი ზემოაღნიშნულ შეთანხმებას გამოიყენებს მხოლოდ ერთი მიმართულებით: საკუთარი ინტერესების დასაცავად და აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების რუსული იურისდიქციაში მოქცევის უზრუნველსაყოფად; აღნიშნულის კლასიკური მაგალითია ბიჭვინთაში რუსული ინვესტიციები.
აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
აფხაზეთსა და რუსეთს შორის საარბიტრაჟო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების თაობაზე დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და მოახდინოს საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ფორმატებში.
ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.