საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა პროევროპული, საპროტესტო აქციების უშედეგოდ დასრულების სცენარს განიხილავს და წერს, რომ განულებული დიპლომატიური ურთიერთობები, სხვადასხვა სექტორის კრიზისი, გაუფასურებული ლარი, პერმანენტული პროტესტები და რეპრესიებია მოსალოდნელი.

„კომერსანტი“ რესან ქიქავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„განვიხილოთ სცენარი, როდესაც პროტესტი უშედეგოდ სრულდება.

ანუ, "ოცნებას" არ მიაქვს უკან თავისი გადაწყვეტილება და მიდის როგორც კონსტიტუციის, ასევე მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ. შედეგად, ქვეყნის სათავეში რჩებიან ადამიანები, რომელთა ძალაუფლების ლეგიტიმურობა არცერთი დასავლური სახელმწიფოს მიერ არ არის აღიარებული. შესაბამისად, განულებულია დიპლომატიური ურთიერთობები, უაღრესად გართულებული, ან შეწყვეტილია ბიზნეს ურთიერთობები დასავლურ კომპანიებთან.

ქვეყნისთვის გაძვირებულია ფული, განულებულია საერთაშორისო დახმარება, განულებულია დასავლური ინვესტიციები და შემოდის მხოლოდ ისეთი ფული და იმ პირობებით, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო უფროა, ვიდრე სიკეთის მომტანი.

მოსახლეობის პროგრესული ნაწილი იწყებს ქვეყნის დატოვებას. ვინც რჩება, მისი ქმედითუნარიანობა და განწყობა მდგომარეობის შესაფერისია და ეკონომიკა სტაგნაციის ფაზაშია შესული.

დოლარის რეზერვები იწურება, ეროვნული ბანკი ვეღარ იჭერს ლარის კურსს, რაც ყოველდღიურად იწვევს მოქალაქეების გაღარიბებას.

პროტესტები, სხვადასხვა მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს იღებს და ოცნებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად სულ უფრო მეტი ძალის გამოყენება, უფრო მეტი კანონის უგულვებელყოფა უწევს. რეპრესიები და “შეკერილი” საქმეები მასიურ ხასიათს იღებს.

უძრავი ქონების ბაზარი იყინება. ადამიანები, ვინც აქამდე საინვესტიციოდ ყიდულობდნენ უძრავ ქონებას, ამას ბუნებრივია აღარ აკეთებენ. გაძვირებული სესხის აღება ლარში აღარ არის გონივრული, ამიტომ არც არა-საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვები რჩება არსებულ ნიშნულზე. ბანკებში “ფეთქდება” იპოთეკური სესხები, რადგან მოსახლეობაში ფულის ნაკლებობაა, ბაზარზე გამოდის ბანკის უძრავი ქონება, რაც იწვევს ამ სექტორის კრიზისს.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობა აჩერებს. ჩერდება ამავე წყაროდან ინვესტიციები ენერგეტიკაში.

ტურისტების ნაკადი იკლებს, რაც აისახება არა მხოლოდ დიდი და საშუალო კომპანიების, არამედ მოსახლეობის ფართო ფენის შემოსავლებზე.

გავაგრძელო? სია ამოუწურვადია.

ვის ხელებში შემყურე რჩება ქვეყანა, რომელი ადამიანის პირადი კაპიტალის, თუ რომელი ქვეყნის, მემგონი ყველასთვის გასაგებია. არავის არაფერს მოვუწოდებ. ყველა თავის გონებას და სინდისის ხმას მიენდოს. მე ვიდგები იქ ყოველდღე, სამსახურის შემდეგ და მშვიდობიანი ფორმით გამოვხატავ ჩემს პროტესტს, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას“, - წერს რესან ქიქავა.