ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დღემდე გაჩერებულია. კონსორციუმმა და სახელმწიფომ მასში წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი დახარჯეს, თუმცა პორტის პროექტი განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

გუშინ, 1-ელ აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია  Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა.

გარდა ამისა, გუშინ, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კონსორციუმი CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულად შესაძლოა არც დასახელდეს, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ ითქვა.

როგორ (ვერ) შენდებოდა ანაკლიის პორტი:

პორტის მშენებლობის პირველი მცდელობები

ანაკლიაში პორტის აშენების ინიციატივები სათავეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს, როცა ანაკლიაში პორტის საჭიროებაზე საუბრობდნენ. ნავსადგურის მშენებლობის პირველი იდე 1960-იანი წლების ბოლო გაჩნდა და სანაპიროზე პირსი აშენდა. 

1993 წელს საქართველოს მთავრობას ბათუმის პარალელურად ანაკლიაში ნავთობტერმინალის მშენებლობის მცდელობა ჰქონდა.

1997 წელს ანაკლიაში პორტის მშენებლობით დაინტერესდა ისრაელის მეწარმეთა ჯგუფი. ერთი წლის შემდეგ კი პორტის საპროექტო წინადადება ქართულ-უკრაინულმა კონსორციუმმა „ეგრისმა” წარადგინა. თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გამოჩენა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. სამთავრობო კომისიამ 12 განაცხადის შესწავლა-შეფასების შემდგომ გამოავლინა 7 კომპანია. საბოლოო წინადადება მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ წარადგინა და იგი 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებულად გამოცხადდა.

2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების საინვესტიციო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფოს ვალდებულება იყო პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გადაცემა და საგზაო-სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა.

დადგენილ ვადებში კონსორციუმს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისაგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთები. დანარჩენი მიწები კონსორციუმს გადაეცემა პორტის მშენებლობის პირველი ფაზისათვის. მიწების გამოსყიდვა ეკონომიკის სამინისტრომ დააფინანსა და ის 64 მილიონი ლარი დაჯდა.

გამოძიება კონსორციუმის დამფუძნებლების წინააღმდეგ 

ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო. თიბისი ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ ცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

დავა საარბიტრაჟო სასამართლოში და დაკისრებული 650 000 დოლარი

2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რის შემდეგაც კონსორციუმმა და მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა.

საარბიტრაჟო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფომ, ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზით, კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.

სამი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მოსარჩელე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

ანაკლიის პორტის ინვესტორი შესაძლოა დასანქცირებული ჩინური კომპანია გახდეს

ბოლო წლებში არაერთხელ დასმულ კითხვას პასუხი ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ გასცა - ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სახელმწიფოს პარტნიორი ჩინური ჰოლდინგი ხდება.

სახელმწიფო კონგლომერატ Сhina Communication Construction-ის და China Harbor Investment-ის მონაწილეობის შექმნილი კონსორციუმი ერთადერთი იყო, რომელმაც ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო წინადადება წარადგინა და პირველმა ვიცე-პრემიერმა თქვა, დიდი შანსია, რომ გამარჯვებულადაც გამოცხადდება. ჰოლდინგმა სახელმწიფოს სრულყოფილად შევსებული საინვესტიციო წინადადება 20 მაისს წარუდგინა, ხოლო კონკურსში მონაწილე მეორე ჯგუფმა ლუქსემბურგულ-შვეიცარიულმა Terminal Investment Limited Holding S.A.-მ სახელმწიფოს აღარ წარუდგინა საკუთარი საინვესტიციო წინადადება, შესაბამისად, გამარჯვებულად ჩინური ჰოლდინგი დასახელდება.

China Communications Construction Company Limited-ი საქართველოს მთავრობას პორტის ოპერატორად ჩინდაოს პორტის ჯგუფს - Qingdao Port International Co-ს სთავაზობს, ხოლო საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორად China Road and Bridge Corporation-ს.

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის რამდენიმე შვილობილი კომპანია ჩართული იყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობაში, რაც აშშ-ის შეფასებით საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სხვა სუვერენული ქვეყნების ეკონომიკურ ზონაში ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაძლიერების მცდელობას წარმოადგენდა. აღნიშნულისთვის 2020 წლის 26 აგვისტოს, აშშ-მა China Communication Construction Company Limited-ის შვილობილები სანქცირებულთა სიაში (OFAC-ის Non-SDN სიაში) შეიყვანა, რითაც აშშ-ში რეგისტრირებულ პირებს მათთან ოპერაციების განხორციელება, ასევე მათში წილების ფლობა აუკრძალა.

თუმცა ეკონომიკის მინისტრმა, გუშინ განმარტა, რომ არის შანსი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულად ჩინური კომპანია არც დასახელდეს.

ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გახდა

გუშინ, 1-ელ აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია შეირჩა.

Jan De Nul-ი საოჯახო ბიზნესია, რომელიც 1938 წელს, ბელგიის პატარა ქალაქ ჰოფსტადში იან დე ნულმა დაარსდა. კომპანია სპეციალიზებული იყო მშენებლობაზე, მათ შორის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

ამჟამად Jan De Nul Group-ის შტაბ-ბინით ლუქსემბურგშია. კომპანია უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზაზე საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ტექნიკურ მომსახურებას. მისი ძირითადი მიმართულებაა დრენაჟი (მათ შორის საზღვაო ინჟინერიის სხვა ფორმები), რაც მისი ბრუნვის 85%-ს შეადგენს. სხვა სფეროები მოიცავს -სამოქალაქო ინჟინერიას და გარემოსდაცვით ტექნოლოგიას.

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, Jan De Nul-ის 2023 წლის ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის ბრუნვა 2.9 მლრდ ევრო იყო. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 296 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

2023 წელს Jan De Nul-ის ჯგუფის ბრუნვის 44% ევროპაში განხორციელდა. აზია და ახლო აღმოსავლეთი ჯგუფის ბრუნვის 33%-ს წარმოადგენდა. ბრუნვაში 21%-იანი წილი ამერიკის კონტინენტმა მოიპოვა, ხოლო 2%-ს აფრიკაში საქმიანობა მოიცავს.

და ბოლოს, ეკონომიკის სამინისტროს დაპირების თანახმად, ამჯერად, 2029 წელს,  ქვეყანა შეძლებს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემები მიიღოს და გაიზარდოს ტვირთნაკადი საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე იგეგმება ნავსადგურის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა.