საქართველოს ელექტროენერგიის საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებულ პერიოდზე გადავიდა. Galt & Taggart-ის შეფასებით, აგვისტოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.6%-ით შემცირდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა.
მოხმარების კლება დაფიქსირდა როგორც საცალო სეგმენტში, ისე პირდაპირ მომხმარებლებსა და აფხაზეთის რეგიონში. ანალიტიკოსების შეფასებით, შედარებით გრილმა ზაფხულმა მოთხოვნის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
ამასთან, მიკრო სიმძლავრის სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, აგვისტოში მოხმარების წლიური კლება 1.7% იქნებოდა. წლის პირველ 8 თვეში კი შესაბამისი მაჩვენებელი 4.4%-იან ზრდას მიაღწევდა, ნაცვლად ოფიციალურად აღრიცხული 2.7%-ისა.
აგვისტოში ჰიდროგენერაცია 4.9%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა. ქარისა და მზის სადგურების გამომუშავებამ კი 43.6%-ით მოიმატა და 0.012 ტვტ.სთ შეადგინა.
ამავე პერიოდში თბოსადგურების წილმა ელექტროენერგიის მთლიან მიწოდებაში 23.8% შეადგინა. მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, თბოგენერაციის საჭიროება, მათ შორის, ენგურ-ვარდნილის შემცირებული გამომუშავების ჩანაცვლებასა და სისტემური რეზერვების უზრუნველყოფას უკავშირდებოდა.
ელექტროენერგიის ექსპორტი 51.9%-ით შემცირდა
2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 243 გვტ.სთ შეადგინა, რაც წლიურად 51.9%-იანი კლებაა. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 53.8%-ით შემცირდა და 10.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
Galt & Taggart ექსპორტის შემცირებას თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების კლებას უკავშირებს. ანგარიშის მიხედვით, 8 თვის ექსპორტის 69.6% თურქეთზე მოდიოდა, 30.4% კი აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლაზე.
ამასთან, წლის განმავლობაში დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა გახდა საჭირო, რაც 8 თვის განახლებადი გენერაციის 6.1%-ს შეადგენს.
აგვისტოში კომერციული იმპორტი და ექსპორტი არ ყოფილა
Galt & Taggart-ის ცნობით, აგვისტოში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი და ექსპორტი არ განხორციელებულა. აზერბაიჯანთან დაფიქსირებული იმპორტისა და ექსპორტის ნაკადები ტექნიკური ხასიათის იყო და ენერგოსისტემების სინქრონული მუშაობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა 15.7%-ით შემცირდა და 0.3 ტვტ.სთ შეადგინა, საშუალო შეწონილი ფასი კი 4.7%-ით გაიზარდა და 6.5 ცენტი/კვტ.სთ გახდა.
2026 წლის პირველ 8 თვეში ელექტროენერგიის მთლიანმა მოთხოვნამ 10.35 ტვტ.სთ შეადგინა, რაც წლიურად 0.4%-იანი კლებაა. ადგილობრივი მოხმარება 9.76 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა, ხოლო იმპორტმა 1.18 ტვტ.სთ შეადგინა.
ამასთან, 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 1 ივლისამდე საქართველოში ელექტროენერგიის დღიური ბაზრის ფუნქციონირება შეჩერდება. Galt & Taggart-ის შეფასებით, ამის მიზეზი ბაზარზე ტრანზაქციების არარსებობაა. ამ პერიოდში დღით-ადრე ბაზარი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.