სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დღეს დაამტკიცა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილებები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას ისახავს მიზნად.

„ცვლილება ითვალისწინებს მარეგულირებლისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭებას, რაც მას საშუალებას აძლევს განახორციელოს, შეტყობინების გარეშე, ინსპექტირება პაციენტის საჩივარზე ან სხვა საყურადღებო შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორც კლინიკებში, ისე ფარმაცევტულ სექტორში. შედეგად მარეგულირებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, რეალურ დროში და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად ობიექტური და დროული.

ასევე ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების მექანიზმი, განისაზღვრა მისი აპელირების შესაძლებლობა, სასამართლოს როლი და ზეპირი განხილვის შესაძლებლობა ასევე კლინიკებისთვის.

მნიშვნელოვანი არის სამართალდარღვევების ნაწილში ჯარიმების ოდენობის გაზრდა, ასევე დაუყოვნებელი აღსრულება იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელთა იდენტიფიცირება მარტივია და მარეგულირებლებს შეუძლია ადგილზევე დაადგინოს რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე და მიმართოს ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც ჯარიმების პრევენციულ ეფექტს გაზრდის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.