წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც ექიმებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ისეთი პათოლოგიები, რომელთა აღმოჩენაც ტრადიციული კვლევებით ხშირად რთულია. კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაურკვეველი მიზეზით განვითარებული ანემიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარული სისხლდენის, მუცლის ტკივილის, ქრონიკული დიარეისა და წონაში აუხსნელი კლების დროს. როგორ ტარდება პროცედურა, რა დაავადებების გამოვლენა შეუძლია და რა უპირატესობები აქვს მას სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებთან შედარებით - ამ თემაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა ენდოსკოპისტმა ზანდა კუტივაძემ “კომერსანტთან” ინტერვიუში ისაუბრა.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელთან ჩაწერილ ინტერვიუს სრული სახით გთავაზობთ:
- რა არის წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევა და როგორ ტარდება პროცედურა?
ეს არის თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგია წვრილი ნაწლავის სრულყოფილი დიაგნოსტირებისთვის. ამ დრომდე წვრილი ნაწვლავის გამოკვლევა ვერ ხდებოდა და იქ არსებული პათოლოგიების დადგენას ვერ ვახორციელებდით. შესაბამისად, ენდოკაფსულურმა ეჰოსკოპიამ საკმადო ბევრი დაავადების გამოვლენის საშუალება მოგვცა. ის საკმაოდ კომფორტული და უმტკივნეულო კვლევაა. სათანადოდ მომზადებული პაციენტი მოდის უზმოდ, ყლაპავს მინიატურული ზომის კაფსულას, რომელიც აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის ვიდეოკამერით. გადაყლაპვის შემდეგ კაფსულა გაივლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ძირითადად აღბეჭდავს წვრილი ნაწლავის ხაოების სტრუქტურას, ფერს, გამოავლენს მცირე ზომის დაზიანებებს. კაფსულა მცირე ხნის შემდეგ ფიზიოლოგიური მოქმედების შედეგად კუჭს ტოვებს.
- რა სიმპტომების ან ჩივილების დროს შეიძლება გახდეს საჭირო წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევის ჩატარება?
წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევა ძირითადად ტარდება ანემიების შემთხვევაში, როცა ტრადიციული მეთოდებით სისხლმდენ მიზეზს ვერ ვადგენთ. სწორედ ასეთ დროს დგება საკითხი, გამოვიკვლიოთ წვრილი ნაწლავი. რაც შეეხება სიმპტომებს მისი ჩატარება მნიშვნელოვანია, ანემიების დროს, თავბრუსხვევისა და საერთო სისუსტის შემთხვევაში, ასევე მუცლის არეში გაურკვეველი გენეზის ტკივილის დროს. დიარეის, წონაში უეცარი, სწრაფი კლების დროს.
- რა უპირატესობა აქვს ენდოკაფსულურ კვლევას წვრილი ნაწლავის შეფასების სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებთან შედარებით?
ენდოკაფსულურ კვლევა წვრილი ნაწლავის ლოკალიზაციიდან გამომდინარე მისი კვლევის უალტერნატივო მეთოდია. წვრილი ნაწლავის გამოვლენა ვერ ხდება ვერც კომპიუტერული ტომოგრაფიით თუ MRI-ით. წვრილი ნაწლავის სიგრძე დაახლოებით 5-8 მეტრამდეა და მისი დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.
- რამდენად კომფორტული და უსაფრთხოა ეს კვლევა პაციენტისთვის და საჭიროებს თუ არა სპეციალურ მომზადებას?
კვლევა ნამდვილად კომფორტული და უსაფრხოა, ამ დროს პაციენტი არ საჭიროებს ანესთეზიას, სედაციას, დაძინებას და არც ჰოსპიტალიზაციას.
- რა პათოლოგიების აღმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს ენდოკაფსულური კვლევა და რამდენად ინფორმაციულია ის დიაგნოსტიკისთვის?
გამოკვლევის შედეგად ვლინდება საკმაოდ ბევრი პათოლოგია დაწყებული სიმსივნური პათოლოგიებიდან, ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს წვრილი ნაწლავის პოლიპები, კრონის დაავადება, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები და შესაძლოა ატროფიული ენტერიტების გამოვლენაც. აღსანიშნავია, რომ კვლევა ფაღარათის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს. კაფსულას აქვს საკმაოდ მაღალი გარჩევადობის კამერა, ის ხედავს 156 გრადუსიანი კუთხით და წამში 2-6 ფოტომდე შეუძლია გადაიღოს. გარდა ამისა, ენდოკაფსულურ კვლევას საკმაოდ მცირე დაზიანებული უბნების გამოვლენა შეუძლია HD გარჩევადობის კამერის საშუალებით. გვქონდა 2 შემთხვევა სადაც ადრეულ ფაზაში გამოვლინდა წვრილი ნაწლავის სიმსივნური დაავადება , ჩვენი დიაგნოსტიკის შემდეგ ჩაუტარდათ ოპერაცია ერთ პაციენტში დადასტურდა ადენოკარცინომა , მეორეში ნეიროენდოკრინული სიმსივნე . იმყოფებიან ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და განაგრძობენ ჩვეული ტემპით ცხოვრებას