„ჭარბი წონის მქონე ადამიანების მკურნალობა ძირითადად ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობაა“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა რამაზ ბათავანმა განაცხადა. მისი თქმით, ჭარბი წონა ბევრი დაავადების მაპროვოცირებელი და ხელის შემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს, მათ შორის - ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ა.შ. „ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, სიმსუქნის მქონე მოზრდილების 51%-ს აქვს ჰიპერტენზია, 8%-ს გულის იშემიური დაავადება, 3.5%-ს გულის შეგუბებითი უკმარისობა, 3%-ს ინსულტი და 21%-ს მიოკარდიუმის ინფარქტი“. რამაზ ბათავანი აცხადებს, რომ სიმსუქნესთან ასოცირებული გულის დაავადებების მკურნალობა  მიმდინარეობს სტანდარტულად, არსებული სამედიცინო რეკომენდაციების მიხედვით. 

„კომერსანტი“ რამაზ ბათავანს ჭარბ წონაზე, რისკ-ფაქტორებზე, გართულებებზე და იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რაც შეიძლება ჭარბმა წონამ შეუქმნას გულის ჯანმრთელობას.

რა ითვლება ჭარბ წონად, როგორ ხდება ჭარბი წონის დადგენა?

რამაზ ბათავანი, „ნიუ ჰოსპიტალსისკარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი: ჭარბი წონა და სიმსუქნე განისაზღვრება, როგორც ცხიმის არანორმალური ან გადაჭარბებული დაგროვება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. 25 კგ/მ2-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსი (BMI) ითვლება ჭარბ წონად, ხოლო 30-ზე მეტი სიმსუქნედ.

30-იდან 35-მდე პირველი ხარისხის სიმსუქნე, 35-დან 40-მდე - მეორე ხარისხის და 40-ზე ზევით - მესამე ხარისხის სიმსუქნე.

რა რისკ-ფაქტორები იწვევს ჭარბ წონას?

სიმსუქნის მიზეზები კომპლექსურია და მოიცავს გენეტიკურ, ბიოლოგიურ, ქცევით და კულტურულ ფაქტორებს. მათ შორის არის: კვების მავნე ჩვევები, ფიზიკური აქტივობის ან ვარჯიშის ნაკლებობა, გენეტიკური განწყობა სიმსუქნის მიმართ, არაჯანსაღი საკვები, სამედიცინო დაავადებები (ენდოკრინული, ნევროლოგიური პრობლემები), მედიკამენტები (სტეროიდები, ზოგიერთი ფსიქიატრიული წამალი), სტრესული მდგომარეობა და დეპრესია.

რა გართულებები აქვს და რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ?

სიმსუქნესთან დაკავშირებულია მრავალი გართულების გაზრდილი რისკი. მაგალითად: გულის დაავადების გაზრდილი რისკი, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ძილის დარღვევა, სახსრების ტკივილი, ჰორმონალური დარღვევები.

როგორია სტატისტიკა - რამდენად ხშირია ჭარბი წონით გამოწვეულია გულის პრობლემები?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 39%-49%-ს (2,8-3,5 მილიარდი ადამიანი) აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. 1995 წელს მსოფლიოში 135 მილიონი ადამიანი იყო მსუქანი. ნავარაუდებია, რომ 2025 წლისთვის ეს რიცხვი 300 მილიონამდე გაიზრდება. შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის 65% ჭარბწონიანი ან მსუქანია. ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით 60 მილიონ ამერიკელი მსუქანია. ნორმალური წონის მოზრდილებთან შედარებით, სიმსუქნის მქონე მოზრდილების 51%-ს აქვს ჰიპერტენზია, 8%-ს გულის იშემიური დაავადება, 3.5%-ს გულის შეგუბებითი უკმარისობა, 3%-ს ინსულტი და 21%-ს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ამას გარდა, 2023 წელს ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად 1999-დან 2020 წლამდე სიმსუქნესთან დაკავშირებული გულის დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები 3-ჯერ გაიზარდა, ყოველ 100 000 მოსახლეზე 2.2-დან 6,6-მდე.

რომელ გულის დაავადებებთან არის ასოცირებული ჭარბი წონა?

სიმსუქნესთან ხშირად ასოცირებულია: მაღალი წნევა, ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, პრედიაბეტი და დიაბეტი, ასევე ძილის ობსტრუქციული აპნოე. ისინი თავისთავად იწვევენ სხვადასხვა გართულებას, რომლებიც ზრდიან გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების, მათ შორის, გულის იშემიური დაავადების, გულის უკმარისობისა და  მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს.

როგორია ჭარბი წონის გავლენა კონკრეტულად არტერიული ჰიპერტენზიის დროს?

სიმსუქნე წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორს და ის მჭიდრო კავშირშია არტერიულ ჰიპერტენზიასთან. ნორმალური წონის მქონე პირებთან შედარებით, ჭარბი წონის მქონე პირებს აქვთ 3-ჯერ გაზრდილი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი. მსუქან ადამიანთა 50%-ს აქვს მაღალი არტერიული წნევა. ყოველი 5 კგ წონის მატების დროს არტერიული წნევა საშუალოდ 4.5 mmHg-ით იზრდება.

როგორ დგინდება, რომ ესა თუ ის გულის პრობლემა გამოწვეულია ჭარბი წონისგან?

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, მაგრამ არ აქვთ გულის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი. ეს ფენომენი ცნობილია როგორც FAT-BUT-FIT, ანუ „მსუქანი მაგრამ ჯანმრთელი“. თუმცა, ამ კატეგორიის ადამიანებს, ნორმალური წონასთან შედარებით, სტაბილური მდგ-ბის ხანგრძლივად შენარჩუნების რესურსი შეზღუდული აქვთ. სიმსუქნე, რომელსაც ახლავს მეტაბოლური სინდრომის სხვა ნიშნები, როგორიცაა ინსულირეზისტენტობა, ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების  ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს.

ჭარბი წონის მკურნალობის რა მეთოდები არსებობსნიუ ჰოსპიტალსში“?

ჭარბი წონის მქონე ადამიანების მკურნალობა ძირითადად ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობაა. პირველი და მეორე ხარისხის სიმსუქნის სამკურნალოდ მოწოდებულია შესაბამისი მედიკამენტები. მესამე ხარისხისა და უკიდურესი სიმსუქნის დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა - ბარიატრიული ოპერაციის სახით. სიმსუქნესთან ასოცირებული გულის დაავადებების მკურნალობა  მიმდინარეობს სტანდარტულად, არსებული სამედიცინო რეკომენდაციების მიხედვით.