ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის საპროექტო მომსახურებისთვის 2.7 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს შპს „აბსოლუტ სერვისი“ იგებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 21 ივლისს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

შპს „აბსოლუტ სერვისი“ დარეგისტრირებულია 2008 წელს. მისი 100% წილის მფლობელი დავით კვარაცხელიაა. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 12 მლნ ლარს აჭარბებს.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს გზების, ხიდების, გვირაბების, აეროდრომების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის პროექტირების სფეროს. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული ხელსაწყოებით და ტექნიკით.