ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის დასახლებაში, ნოე რამიშვილის ქ. N22-26-ის მიმდებარედ, 2 300 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„მიხარია, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება. არაფერი არ უხდება ჩვენს ქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეების არსებობა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა უბანში შევიდეთ და მსგავსი პროექტები განვახორციელოთ. ადგილობრივ მოსახლეობას მადლობას ვუხდი, რადგან მათი ჩართულობით მოხდა უსახური ფარეხების დაშლა, შემოღობვების დემონტაჟი. შედეგად, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები, ატრაქციონები, განათებები, სარწყავი სისტემები და ა.შ. როდესაც ვსაუბრობთ სიცოცხლით სავსე ქალაქზე, სწორედ ეს არის - პარკები და სკვერები ყველა თაობის ადამიანითაა სავსე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა
განათების ქსელი ლედ სანათებით, ტერიტორია მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
გარდა ამისა, სკვერის ტეროიტორიაზე მოეწყო მინი საფეხბურთო მოედანი, ველობილიკი და საპარკინგე სივრცე. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 703 508 ლარით დაფინანსდა.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი და პარლამენტის დეპუტატი ნიკოლოზ ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს