ვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობაზე 511 ადამიანია დასაქმებული, აქედან თითქმის 70% - 353, საქართველოს მოქალაქეა. პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია China Road and Bridge Corporation ახორციელებს, - ინფორმაციას „საქართველოს გზები“ ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან გზაზე პირველი, 4 კმ-იანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულებულია. გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.

გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

ახალი გზა გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გადაადგილების უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს

თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ. საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.