მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა. აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა.
პროექტის ფარგლებში ძველი, დაზიანებული ხიდის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდა.
სამუშაოები 4 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა შეასრულა.
ახალ ხიდზე მოეწყო ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და გარე განათება, ასევე დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. საჰაერო სადენები მიწისქვეშა საკაბელო არხებში განთავსდა, ხოლო სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნები დაიტანა.
ძველი, 64 მეტრი სიგრძის ლითონის ხიდი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი გამოყენება უსაფრთხოების რისკებს ქმნიდა. ამასთან, პერიოდულად იზღუდებოდა მძიმე და დიდგაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილებაც.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი ხიდის მშენებლობის პერიოდში გადაადგილების შეზღუდვა ადგილობრივ მოსახლეობასა და მძღოლებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდით სარგებლობა ყველა სახის ავტომობილისა და ქვეითისთვის გახდა შესაძლებელი.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.