ბათუმში, ივანე მესხის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებ ადამიანებს დატბორილ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. ტბორის გამო ქუჩაზე ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია.

მოქალაქეების თქმით, ივანე მესხის ჩიხს არ აქვს საკანალიზაციო და სანიაღვრე არხები, უბანში არ დგას სანაგვე ურნები, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

„აქ ბავშვი როგორ გაივლის, როცა ჩვენც ვერ დავდივართ“- ამბობენ „ბათუმელებთან“ საუბარში ამ ქუჩაზე მცხოვრებები.

„მე პირადად, სამსახური მივატოვე ამ გზის გამო. საკუთარი ავტომანქანა არ მყავს და ფეხი სულ სველი მქონდა. ამის გამო დავტოვე სამუშაო.

მუნიციპალური ავტობუსი იქეთა უბანში დადის, ერთ საათით ადრე უნდა გახვიდე, რომ სამსახურში მიხვიდე. თუ ცოტა შორს ცხოვრობ, ორი საათით ადრე გიწევს ავტობუსამდე გასვლა. მგზავრობაც გაგვიძვირეს, რაც მოდის, ის ავტობუსებიც გადატვირთულია“- გვეუბნება ამ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე.

ასე იტბორება ივანე მესხის ქუჩა წვიმის დროს/ფოტო: „ბათუმელები“.

მოქალაქეების თქმით, პრობლემაა ტაქსის გამოძახებაც, რადგან მოუწესრიგებელი და დატბორილი ქუჩის გამო, არავის უნდა მოსვლა.

„რომ მცოდნოდა აქ უნდა მოვსულიყავი გავაუქმებდი გამოძახებასო“- ასე გვეუბნებიან ტაქსის მძღოლები.

ივანე მესხის ქუჩა, მეორე ჩიხი

მთავრობის პასუხისმგებლობაა ეს. გზა გაგვიძვირეს, ხელფასები ცოტაა, პროდუქტები ძვირი. მარტო გვპირდებიან და არაფერს აკეთებენ“- გვეუბნება კიდევ ერთი აქ მცხოვრები.

მოქალაქეები ამბობენ, რომ დაპირებას ყველა არჩევნების წინ იღებენ, თუმცა ამაოდ.

მოქალაქეების თქმით, გარდა იმისა, რომ ყველა გაწვიმებაზე ქუჩა იტბორება და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, მოშლილი ინფრასტრუქტურა აზიანებს ავტომანქანებსაც.

„აქ ცხოვრება ძალიან რთულია“ – გვეუბნებიან მოქალაქეები.

მოქალაქეები ივანე მესხის ქუჩიდან.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს და ჰკითხა, რატომ ვერ მოხერხდა ამ წლების განმავლობაში ივანე მესხის ქუჩის მეორე ჩიხის რეაბილიტაცია და კონკრეტულად რა სამუშაოებია დაგეგმილი ამ ქუჩაზე.

ასევე, დავინტერესდით, არის თუ არა 2026 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები გათვალისწინებული?

ამ და სხვა კითხვების პასუხად ბათუმის მერიიდან მოგვწერეს, რომ „ივანე მესხის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია“.

„რაც შეეხება, ივანე მესხის მეორე ჩიხს, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება და შესაბამისი სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.

მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სატრანსპორტო სქემებისა და მარშრუტების გადახედვა, რათა ეტაპობრივად, შესაძლებელი გახდეს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ნაგვის ურნებთან დაკავშირებულ საკითხს, ადგილობრივმა მოსახლეობამ განცხადებით უნდა მიმართოს სანდასუფთავების სამსახურს, რის შემდეგაც შესაბამის ლოკაციებზე განხორციელდება ნაგვის ურნების განთავსება“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

batumelebi.netgazeti.ge