რუსეთ-უკრაინის ომმა, საერთაშორისო სანქციებმა და ახლო აღმოსავლეთში გაღრმავებულმა დაძაბულობამ გლობალური ლოგისტიკური რუკა პრაქტიკულად თავიდან დახაზა. სწორედ ამ პროცესების ფონზე იზრდება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, მნიშვნელობა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა თურქმენეთთან თანამშრომლობა და „საქართველოს რკინიგზა“ უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ მიმდინარე წელს თურქმენეთიდან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა სპეციალისტების შეფასებით, საქმე მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ეხება — რეალურად, მთელი ცენტრალური აზია ალტერნატიული მარშრუტების ძიების პროცესშია და სწორედ ამ ფონზე ხდება შუა დერეფანი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი გეოეკონომიკური მიმართულება.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, თურქმენეთთან ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკა უკვე თვალსაჩინოა და კომპანიას კიდევ უფრო დიდი მოცულობების მოლოდინი აქვს.

„თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, ტვირთბრუნვის დინამიკა მზარდია. ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, — განაცხადა აბაშიძემ.

საქართველოს სატრანზიტო როლის ზრდა მხოლოდ ეკონომიკური პროცესი აღარ არის. ეს უკვე გეოპოლიტიკური მოცემულობის შედეგიცაა. მას შემდეგ, რაც რუსეთის გავლით მოქმედი ჩრდილოეთის დერეფანი სანქციების გამო მნიშვნელოვნად შეიზღუდა, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი მარშრუტების ძიება დაიწყეს. პარალელურად, ირანის გარშემო შექმნილმა დაძაბულობამ და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების რისკებმა კიდევ უფრო გაზარდა ალტერნატიული დერეფნების მნიშვნელობა.

პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ამირან სალუქვაძის შეფასებით, სწორედ ამ პროცესებმა შექმნა საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობა.

„თუ გადაწყვეტენ, რომ მათი ტვირთები დასავლეთისკენაც წამოვიდეს, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე ვსაუბრობთ, დიდი ხანია ყაზახეთთან ვთანამშრომლობთ, ჩინეთი თავისთავად არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, რომ ჩინური ტვირთები დაიძრას ჩვენი დერეფნის გავლით დასავლეთისკენ“, — აცხადებს სალუქვაძე.

მისი შეფასებით, შუა დერეფნის მთავარი უპირატესობა დღეს სტაბილურობაა, რადგან რეგიონში არსებული სხვა ალტერნატიული მარშრუტები ომებისა და გეოპოლიტიკური რისკების გამო სერიოზულ პრობლემებს აწყდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში და შუა დერეფნის მარშრუტზე მთლიანად“, — აღნიშნავს ექსპერტი.

ანალოგიურ შეფასებას აკეთებს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძეც, რომლის თქმით, გლობალურმა კრიზისებმა ფაქტობრივად დააჩქარა ის პროცესი, რომელზეც საქართველო წლებია საუბრობს — შუა დერეფნის ფუნქციის ზრდა.

„როდესაც ჩრდილოეთის დერეფანი ჩაიკეტა საერთაშორისო სანქციების გამო, ყველა ამ ქვეყანას, ვინც ამ მარშრუტით მოძრაობდა, ალტერნატიული მარშრუტების პრობლემა დაუდგა. რეალურად, ალტერნატიული მარშრუტი არის საქართველო და შუა დერეფანი“, — აცხადებს ცუცქირიძე.

თუმცა, ექსპერტები იქვე მიუთითებენ, რომ გეოპოლიტიკური ფანჯარა თავისთავად საკმარისი არ არის. მთავარი კითხვა ახლა უკვე საქართველოს ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს უკავშირდება — რამდენად მზად არის ქვეყანა გაზრდილი ტვირთბრუნვის მისაღებად.

ბოლო წლებში შუა დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, მომდევნო წლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ტვირთბრუნვა შესაძლოა რამდენჯერმე გაიზარდოს. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რკინიგზის გამტარუნარიანობას, პორტების შესაძლებლობებს, საბაჟო პროცედურების სისწრაფესა და ინფრასტრუქტურის სინქრონიზაციას.

სწორედ ამიტომ ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ანაკლია უკვე აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი — ის შუა დერეფნის სტრატეგიული ნაწილია.

„ანაკლიის პორტი არის გაზრდილი ტვირთბრუნვის გამოძახილი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. იგი პასუხობს გლობალურ გამოწვევებს, რის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. ეს არ არის მხოლოდ წმინდა ეკონომიკური ფაქტორი. ეს არის მომავალი წლების და შეიძლება ითქვას, ათწლეულების გეოეკონომიკური პროექტი“, — აცხადებს ცუცქირიძე.

თუმცა, ყველა შეფასება ერთნაირად ოპტიმისტური არ არის. ლოგისტიკისა და ეკონომიკის სფეროს ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველომ ისტორიულად არაერთხელ დაკარგა მსგავსი შესაძლებლობა არასაკმარისი ინფრასტრუქტურის, ბიუროკრატიისა და პოლიტიკური გაურკვევლობის გამო. მათი შეფასებით, მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა აღარ არის საკმარისი კონკურენტული უპირატესობა. ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ჩინეთს სჭირდებათ სწრაფი, პროგნოზირებადი და შედარებით იაფი მარშრუტი, ხოლო თუ საქართველო ინფრასტრუქტურულად ჩამორჩება, ტვირთები შესაძლოა ისევ ალტერნატიულ მიმართულებებზე გადანაწილდეს.

კრიტიკული შეფასებები განსაკუთრებით პორტების შესაძლებლობებს, რკინიგზის გამტარუნარიანობასა და საბაჟო პროცესების სისწრაფეს ეხება. სპეციალისტების ნაწილი მიუთითებს, რომ შუა დერეფნის პრობლემა დღესაც მისი მულტიმოდალურობაა — ტვირთს რამდენიმე ქვეყნის გავლა უწევს, რაც ხარჯსა და დროს ზრდის. სწორედ ამაზე საუბრობს გიორგი ცუცქირიძეც.

„რუსეთის დერეფანი იყო გრძელი, მაგრამ ერთტარიფიანი. შუა დერეფნის პრობლემა ისაა, რომ მულტიმოდალურია, რამდენიმე ქვეყანას გაივლის“, — აღნიშნავს ეკონომისტი.

ამ ფონზე, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა მხოლოდ ტვირთების მოზიდვა აღარ არის. ახლა ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე — შეძლებს თუ არა იგი გეოპოლიტიკური კრიზისით გაჩენილი შესაძლებლობის ეკონომიკურ სარგებლად გარდაქმნას. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ სტაბილურობა შენარჩუნდება და ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად დასრულდება, შუა დერეფანი საქართველოს ეკონომიკისთვის შეიძლება იქცეს იმავე მასშტაბის გრძელვადიან სტრატეგიულ რესურსად, როგორიც ენერგორესურსებია ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის.

საბოლოოდ, გლობალური კრიზისები, რომლებიც მსოფლიოსთვის პრობლემად იქცა, საქართველოსთვის ისტორიულ შესაძლებლობად შეიძლება გადაიქცეს. თუმცა ამ შესაძლებლობის გამოყენება მხოლოდ გეოგრაფიაზე აღარ იქნება დამოკიდებული. მთავარი ბრძოლა ახლა სისწრაფეზე, ინფრასტრუქტურაზე, სტაბილურობაზე და იმაზე მიდის, რამდენად სწრაფად შეძლებს საქართველო შუა დერეფნის ეკონომიკური პოტენციალის რეალურ სატრანზიტო ძალად გარდაქმნას.

წყაროები: