მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ამ დროისთვის, წავკისში სრული რეაბილიტაცია 10 ქუჩას ჩაუტარდა. სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ასათიანის ქუჩებსა და ასათიანის I და II შესახვევში, ასევე ამაღლების II შესახვევში.

სამუშაოების შედეგად, 12 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა და გრუნტის გზა ასფალტის ორფენიანი საფარით შეიცვალა, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ბორდიურები.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარით დაფინანსდა, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.