სომხეთსა და ამერიკას შორის პროექტ „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელების შესახებ ჩარჩო-შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა საჯარო.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო“ მიზნად ისახავს 2025 წლის 8 აგვისტოს აზერბაიჯანს, სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული ერთობლივი ხელშეკრულების პირობების განმტკიცებას. ხელშეკრულების, რომელიც საფუძველს უყრის სახელმწიფოთაშორის ორმხრივი საერთაშორისო ტრანსპორტისთვის კომუნიკაციების გახსნას. TRIPP-ის განხორციელების ეს ჩარჩო (TIF) უფრო დეტალურად აღწერს, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ერთობლივი დეკლარაციის მიზნები.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, TRIPP-ის მიზანია სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობასა და ინტეგრაციას სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე.
ჩარჩო-შეთანხმებაში წერია, რომ პროექტი ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითად ნაწილს, რაც ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (ე.წ. შუა დერეფნის) სასიცოცხლო მნიშვნელობის დამაკავშირებელი რგოლი იქნება.
დოკუმენტით ირკვევა, რომ შეიქმნება TRIPP-ის განვითარების კომპანია (TDC), რომლის მიზანიც მარშრუტის ინფრასტრუქტურის განვითარება და პროექტის შეუფერხებელი განხორციელება იქნება. კომპანიას საწყის ეტაპზე პროექტის მენეჯმენტიზაციის უფლება 49 წლით მიენიჭება.
ჩარჩო-შეთანხმების მიხედვით, „TRIPP-ის განვითარების კომპანიაში“ საკონტროლო წილი ამერიკის შეერთებულ შტატებს იქნება, ხოლო სარეზერვო საკითხებზე ზედამხედველობას სომხეთი განახორციელებს. სომხეთი აპირებს აშშ-სთვის 74%-იანი წილის შეთავაზებას და თავად 26%-იანი წილის შენარჩუნებას.
ამასთან, აშშ იტოვებს უფლებას, თქვას საბოლოო სიტყვა კომპანიის მეწილეებისა და საბოლოო ბენეფიციარების რაიმე ფორმით ცვლილების შესახებ, მათ შორის, წილის გაყიდვაზე, დონაციაზე, რეორგანიზაციასა თუ სხვა სამართლებრივ პროცესზე.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, სომხეთი აშშ-ს 99 წლით ექსკლუზიურ გრძელვადიან უფლებებს სომხური კანონმდებლობის ფარგლებში ანიჭებს იმ მარშრუტის განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით გაცემას კონსორციუმზე გეგმავს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.
ზანგეზურის დერეფანი, იგივე „ტრამპის მარშრუტი“ საერთო ჯამში 42-კილომეტრია. აღნიშნული სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემა სამხრეთ სომხეთში, სიუნიქის რეგიონში გაივლის. პროექტის მთავარი მიზანი აზერბაიჯანსა და მის ანკლავ ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს შორის სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაა. თავის მხრივ, სომხეთი შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე, თუმცა შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ მარშრუტის მმართველი კერძო ამერიკული კომპანია იქნება.
აღსანიშნავია, რომ „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის დასრულების თარიღად თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ 2030 წელი დაასახელა. მანვე განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში.