Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა. უკვე რამდენიმე დღეა, მომხმარებლები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული მარშრუტის სამგზავრო ბილეთებს ვერ ყიდულობენ. კომპანიის ელექტრონული სისტემა ვიზიტორებს ახლა ალტერნატიულ მიმართულებად ბრატისლავას სთავაზობს.

ცნობისთვის, Wizz Air-მა ვენაში მდებარე ბაზის დახურვა გასული წლის სექტემბერში დააანონსა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებდნენ, ბაზის დახურვა ორ ეტაპად, 2026 წლის 15 მარტამდე უნდა განხორციელებულიყო. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზებს, Wizz Air-ში განმარტეს, რომ ეს ოპერაციული ხარჯების ზრდასა და უფრო მომგებიან ბაზრებზე სტრატეგიულ გადასვლას უკავშირდებოდა.

როგორც „ბიზნესპრენიუსს" „ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა, ქუთაისი-ვენის მიმართულება აქტიური დეკემბრის თვის მეორე ნახევრიდან აღარაა.

მისივე თქმით, ბაზის დახურვა ისეთი ქალაქის აეროპორტში, რომელიც ევროპის ჰაბად ითვლება, ქართული ტურიზმის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.

„რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც აქვს ვენის აეროპორტს და „ვიზეარი“ მოგეხსენებათ, არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. ის ეძებს ყოველთვის დაბალბიუჯეტიან აეროპორტებს და მიმართულებებს იმისთვის, რომ კომპანიის საფასო პოლიტიკა არ შეიცვალოს გაძვირებისკენ. ეს იყო მიზეზი.

ვენის მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ხაზი საქართველოსა და ევროპას შორის. ვენის აეროპორტი თვითონ არის ჰაბი შუაგულ ევროპაში. შუაგული ევროპიდან კი უამრავი მიმართულებით იშლება ფრენები. ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი. ამის გამო როგორც ქართველები, ისე უცხოელები აქტიურად იყენებდნენ ქუთაისი-ვენის მიმართულებას.

მკითხველმა ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს მხოლოდ ერთი რომელიღაც მიმართულება გაუქმდა, ეს იყო მთავარი დამაკავშირებელი ხაზი, როგორც საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტებისათვის, რომლებიც იყენებდნენ ვენის აეროპორტს, რომ აქ მოხვედრილიყვნენ, ისე საქართველოს მოქალაქეებისა თუ აქ მყოფი უცხოელებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობდნენ.

ვენა ჩანაცვლდა ბრატისლავათი და ცხადია, ბრატისლავა იმ ფუნქციას ვერ შეასრულებს, რასაც ვენა თავის დროზე ასრულებდა. ბრატისლავა იქნება ერთი ჩვეულებრივი მიმართულება, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელიც "ვიზეარის" მიერ ახლაც აქტიურად ხორციელდება.

რაც შეეხება თვითონ ქუთაისის ნაწილს, იმერეთს და ზოგადად ტურიზმს საქართველოში, რა თქმა უნდა, ამით საკმაოდ დიდი ზიანი და დარტყმა მოგვადგა. იგივე მოხდა, როცა ზაფხულში „ვიზეარმა“ გააჩერა ფრენები და გავიდა აბუ-დაბის ბაზრიდან, სრულად ჩახსნა ქუთაისი-აბუ-დაბის რეისები. ამითაც საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა როგორც ქუთაისს, ისე მთლიანად საქართველოს. ერთის მხრივ, ქუთაისი-აბუ დაბისა და მეორეს მხრივ, ქუთაისი -ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ დაფრინავდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი