სულ უფრო ფრაგმენტულ მსოფლიოში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (შუა დერეფანი) გააძლიერებს კავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროპას შორის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის და ცენტრალური აზიის სამიტზე განაცხადა.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, შავ ზღვამდე მისასვლელად აუცილებელია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზღვრების გადაკვეთა შეუფერხებლად.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სამი ათწლეულის განმავლობაში დახურვის შემდეგ სომხეთის საზღვრების გახსნა თურქეთსა და აზერბაიჯანთან გარდამტეხი იქნება და ის დააახლოებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას, როგორც არასდროს.
„ცენტრალური აზია არის გლობალური კარიბჭის განსაზღვრება, ევრაზიის მძლავრი გული. სწორედ ამიტომ, ჩვენი „გლობალური კარიბჭის“ საინვესტიციო დღის წესრიგი ძალიან ფოკუსირებულია ამ რეგიონზე. გასულ წელს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს ჩვენ დავპირდით 10 მილიარდ ევროს. ეს შეამცირებს სახმელეთო მოგზაურობას ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაახლოებით ნახევრით. ეს მხოლოდ 15 დღემდეა. დერეფანი ასევე გახსნის ჩვენს რეგიონებს შორის ბიზნესისთვის გამოუყენებელ პოტენციალს. ეს გააძლიერებს კავშირებს და ვაჭრობას თქვენს ხუთ ცენტრალურაზიურ ქვეყანაში. დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ინვესტორების ახალი ფორუმი გაიმართება უზბეკეთში 2025 წელს. ეს უზრუნველყოფს დერეფნის კერძო დაფინანსებას და საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ პროგრესი“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.