2025 წლის 11 თვის მონაცემებით, ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურ ჭრილში 3%-იან ზრდას აჩვენებს. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ნოემბერში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1 341-ს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში 4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით -0.4%-ით შემცირდა.
2025 წლის ნოემბერში, ახალი გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 35%-ით შემცირდა და 553-ს გაუტოლდა. ძველი გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 074 შეადგინა, რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა.
ტრადიციულად ყველაზე მეტი 949 ტრანზაქცია დიდ დიღომში დაფიქსირდა. თუმცა გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით, სამგორში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რომელსაც მოჰყვებოდა კრწანისი (42%, წ/წ). ყველაზე მცირე წლიური ზრდა კი ჩუღურეთში ფიქსირდება.
არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, 2025 წელს ბაზარზე არაერთი მასშტაბური პროექტი დაანონსდა.
გთავაზობთ უძრავი ქონების TOP-10 დეველოპერულ პროექტს, რომელიც გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტის" შეფასებით, ყველაზე გამორჩეული კონცეფციისა და მნიშვნელობის იყო.
1. 2025 წლის ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი, რომელიც საქართველოში დაანონსდა არაბულ ინვესტიციებს უკავშირდება.
არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების ერთ-ერთმა უმსხვილესმა დეველოპერულმა კომპანია Eagle Hills -მა თბილისის მახლობლად, კრწანისის და ფონიჭალის მიმდებარედ 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა დააანონსა. კომპანია ასევე გონიოს ჩრდილოეთით, მდინარე ჭოროხის შესართავთან მდებარე 260 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ხელოვნური ყურეს, იახტკლუბის და ახალი საცხოვრებელი უბნის შექმნას გეგმავს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2. 2025 წლის სექტემბერში კომპანია "არქიმ" დედაქალაქის ცენტრში, დინამოს სტადიონთან ახლოს, საქართველოში ყველაზე მასშტაბურ პროექტი დაიწყო.
"გრანდ ავენიუ არქისგან" საცხოვრებელი უბანია, რომელიც 20 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და სრულად იქნება მორგებული მომავალი მობინადრეების საჭიროებებზე.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს აღემატება.
"გრანდ ავენიუს" ოფიციალური პრეზენტაცია 20 სექტემბერს გაიმართება. კომპანიამ 5სთ-ში 644 ბინა გაყიდა.
3. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეველოპერული პროექტი, რომლის შესახებაც "უძრავი ქონების პროსპექტში" 2025 წელს გიყვებოდით „ექსპო ჯორჯიას“ განვითარებას ეხება. როგორც ცნობილია სივრცე "სითიზენმა" შეიძინა და ტერიტორიაზე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია მე-11 პავილიონის ადგილმდებარეობის შეცვლა. რაც შეეხება სხვა პავილიონებს და არსებულ გამწვანებულ სივრცეს, ის სრულად შენარჩუნდება, რეაბილიტირდება და ღია დარჩება საზოგადოებისთვის.
პროექტის სამი კომპონენტისგან შედგება - საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული. ძირითადი საცხოვრებელი ნაწილი კი წერეთლისა და სამტრედიის ქუჩების კუთხეში განთავსდება. საუბარია 5 ობიექტზე. სამშენებლო სამუშაოები 2026 წლიდან დაიწყება, პირველი ეტაპი კი სამწლიან ვადაში დასრულდება.
ჯამურად პროექტის ფარგლებში $250 მლნ-ის დახარჯვა იგეგმება და ის 8-წლიან პერიოდზეა გათვლილი.
კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ ტერიტორიის გამოსყიდვისა და შემდგომი განვითარების მიზნით აქტიური მოლაპარაკებები ელიავას ბაზრობაზე მომუშავე კერძო მესაკუთრეებთანაც მიმდინარეობს, რაც დიდუბის რაინის ურბანული განვითარების შემდეგი ეტაპი გახდება.
4. თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი 2025 წელს ისევ აქტუალური გახდა. კომპლექსის გეგმარებითი დავალება საკრებულოსთან უკვე შეთანხმდა, ამ ეტაპზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, პროფკავშირების ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობა განიხილება. ტერიტორიაზე არსებული შენობების მათ შორის პროფკავშირების შენობის დემონტაჟია დაგეგმილი.
პროექტის დამკვეთი კომპანია შპს „დელისი დეველოპმენტია”, რომლის 100%-იან წილს გიორგი ყავლაშვილი ფლობს.
„საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართი 15 254 კვადრატულ მეტრია.
5. კომპანია "ბიოგრაფი ლივინგმა" 2025 წელს რამდენიმე მასშტაბური პროექტის დაწყება დააანონსა, მათ შორის არის პროექტი „ბარე“ ავლაბარში, „დაირა“ ორთაჭალაში, „მოზაიკა“ გაზაფხულის ქუჩაზე, „ლიბრეტო“ ფალიაშვილზე და „გარდანი“ გლდანში.
ამათგან „ბარეში“, “დაირასა“ და „მოზაიკაში“ სამშენებლო სამუშაოები და გაყიდვები 2025 წლიდან დაწყებულია, „ლიბრეტო“ და „გარდანი“ კი 2026 წლის პირველ კვარტალში ჩაეშვება.
მიღმა არსებული ჩამონათვალისა, კომპანია მიმდინარე წელს 3 პროექტის ჩაშვებას აპირებს, რომელიც გელოვანზე, ვაშლიჯვარსა და უზნაძეზე იქნება.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა 14-ში მდებარე სახელმწიფო ქონება, ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ₾28.2 მილიონად „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანია „კოსტავა თაუერსმა“ ცოტა ხნის წინ იყიდა, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მომიჯნავე 33,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი შენობის მფლობელია. ეს ქონება კომპანიამ საჯარო აუქციონზე 2022 წელს 65 მილიონ ლარად შეიძინა.
"გვინდა, დედაქალაქის გულში „ლენდმარკის“ ტიპის პროექტი შევქმნათ - ასე უპასუხა “ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ ბმჯის კითხვას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობისა და ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ადგილას „ვისოლ ჯგუფის“ მიერ დაგეგმილ საინვესტიციო პროექტს შეეხებოდა.
“ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ჯამში საზოგადოებრივი მაუწყებლის და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ძველი შენობების ტერიტორია 5 ჰა-ს აღემატება და კომპანიას მასშტაბური საინვესტიციო პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. კონკრეტული ვადები და ინვესტიციას კომპანიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.
კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა.
6) თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "ავტოგრაფ მოლი" აშენდება. Cushman & Wakefield Veritas-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის განვითარება უკვე დადასტურებულია და სამშენებლო პროცესი სავარაუდოდ 2026 წლის პირველი თვეებიდან დაიწყება.
პროექტი თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარეობს, სადაც ამჟამად ჰიპერმარკეტი "გუდვილი" და სხვა სავაჭრო ობიექტები ოპერირირებენ.
სავაჭრო ცენტრი სამსართულიანი იქნება და 43,100 მ² მიწის ნაკვეთს მოიცავს, სამშენებლო მოცულობა კი დაახლოებით 60,000 მ²-ია.
გავრცელებული ინფორმაციით, "ავტოგრაფ მოლი" გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს, ქსელურ მაღაზიებს, კაფე-რესტორნებსა და ბავშვთა გასართობ ზონას.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, "ავტოგრაფ მოლი" 2023 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა, ამ კომპანიას თავის მხრივ ფლობს სამი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი. უფრო დეტალურად, "ავტოგრაფ მოლის" 50%-იან წილსაც ფლობს კომპანია "აპკო დეველოპმენტი", რომელსაც სრულად ფლობს კომპანია "ფინვესტ საქართველო". 25%-იან წილს ფლობს კომპანია "ბლოქსი დიდი დიღომი", რომელსაც თავის მხრივ ფლობს კომპანია "ბლოქსი".25%-იანი წილის მფლობელი კი კომპანია შპს "სამშენებლო ინვესტიციები დიღომშია", რომლის მესაკუთღეც "ავტოგრაფი გუდვილია".
7) 2025 წლის სექტემბრში "ანაგი ქოლაბმა" თბილისში ახალი, დეველოპერული პროექტი „თბილისის აკრები“ დაიწყო. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, კამპანიის მთავარი გზავნილი პროექტის ფარგლებში ქალაქი სწორი და ჯანსაღი მიმართულებით განვითარდებაა.
"თბილისის აკრები" ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ცენტრალურ უბნებს, ვაკესა და საბურთალოს შორის, ახალ ტერიტორიას ითვისებს, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის დატვირთვის დეცენტრალიზაციასა და გადანაწილებას. პროექტი ინარჩუნებს ტერიტორიის პირველად იერსახეს, რაც ნიშნავს, რომ განაშენიანება მხოლოდ 15%-ია, ხოლო 85% ბუნებრივ, მწვანე საფარს უკავია.
"ანაგი ქოლაბი“ „ანაგის“ შვილობილი კომპანიაა და წარმოადგენს პირველ კოლაბორაციულ ბრენდს საქართველოში, სადაც ყველა დეველოპერული სერვისი ერთ სივრცეშია გაერთიანებული.
8) 2025 წლის დასაწყისში ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია "ჰოუმერი" გამოჩნდა. კომპანიის პირველი პროექტი "ჰოუმერ ალფაა," რომელიც 62$ მლნ-ის ინვესტიციას მოიაზრებს. კომპანიის ორიენტირი მასშტაბური პროექტების განხორციელებაა, სწორედ ამიტომ, ადგილის შერჩევის კრიტერიუმიც მასშტაბური ტერიტორია იყო. პროექტი დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. ის ჯამურად 2.5 ჰა-ს მოიცავს, საიდანაც 7300 კვ.მ გამწვანებული ტერიტორია იქნება.
აღსანიშნავია, რომ “ჰოუმერი ალფას” სამშენებლო სამუშაოები აპრილის დასაწყისიდან დაიწყო. საუბარია პირველ კორპუსზე. ამის გარდა, პროექტში კიდევ 4 კორპუსია, რომელიც საბოლოო ჯამში 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს.
9) თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანია - შპს საქანელა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
მრავალფუნქციურ კომპლექსის მშენებლობის გეგმების შესახებ, რომლის ინვესტიცია დაახლოებით 65 მლნ დოლარი უნდა ყოფილიყო, bm.ge ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა. თავდაპირველად 4 და მაქსიმუმ 17-სართულიანი 5 შენობის მშენებლობაზე იყო საუბარი.
მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა თბილისის საკრებულომ 2022 წლის 18 მარტს დაამტკიცა. გასულ წელს კი, კომპანია შპს საქანელა დეველოპმენტის მიმართვის საფუძველზე, განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებები შევიდა, რითაც ფართობი და სხვადასხვა პარამეტრი გაიზარდა. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს საქანელა დეველოპმენტს შპს სილქ რიალ ისთეითი ფლობს, რომლის 95%-იც შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს ეკუთვნის.
რაც შეეხება ინფორმაციას პროექტის შესახებ, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფ. ელბაქიძის აღმართსა და სანაპიროს ქუჩას შორის – საქანელას ქუჩის მიმდებარედ. თავდაპირველად საპროექტო ტერიტორია 20 860 კვ.მ. იყო, რაც შემდგომ 2 000 კვ.მ.-ზე მეტით გაიზარდა.
ამასთან, შეიცვალა შენობების რაოდენობა და გაიზარდა მათი სართულები. არსებული პროექტით, საერთო ჯამში, ტერიტორიაზე 7 შენობა აშენდება. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული და დამხმარე ფუნქციის მქონე ფართები, პარკინგი და სარეკრეაციო სივრცე. მაქსიმალური სიმაღლის შენობა 31 სართული იქნება.
10) გასულ წელს ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია Placemakers-ი პირველ პროექტს ლისის ტბაზე ახორციელებს. The Lake ახალი პრესტიჟული უბანია, რომელიც კერძო სახლებსა და The Lakehouse-ის კონცეფციას გააერთიანებს - შენობის, რომელიც როგორც პროექტისთვის, ასევე მთლიანად თბილისისთვის, მიზიდულობის ახალი ცენტრი უნდა გახდეს.
დამფუძნებლების თქმით, პროექტზე ქართველი და უცხოელი პარტნიორები მუშაობენ, ჯამური ინვესტიცია კი $50 მილიონს აღწევს. პროექტის ცენტრალურ ტერიტორიაზე, Lakehouse-ში განთავსდება რესტორნები, აუზი, სპა, სავარჯიშო დარბაზი და საოფისე სივრცეები.
პროექტის ინფრასტრუქტურული მშენებლობის პირველი ფაზა 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება, მობინადრეებს კი თავიანთ სახლებში ცხოვრების დაწყება 2029 წლიდან შეეძლებათ.