თბილისის მერიამ დედაქალაქში წყალსადენის, სანიაღვრე, სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობისა და რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 170 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გადაწყვეტილება 6-7 ივლისის ძლიერი წვიმების შემდეგ მიიღეს, როდესაც თბილისის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
ტენდერში წინადადებების მიღება 17-20 ივლისს გაიმართება. გამარჯვებულ კომპანიას სხვადასხვა ლოკაციაზე სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, საავტორო ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში პროექტების კორექტირებაც დაევალება. მომსახურების ვადა 2026 წლის 25 დეკემბრამდეა განსაზღვრული.