მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია. Tbilisi Dry Port-მა ოპერირება დაიწყო. ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრში პირველი ბლოკ-მატარებლის მიღებას აპრილის ბოლო დღეებში ელიან.

"პროექტს ხელს არ მოვკიდებდით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო”, - აცხადებს “საქმის კურსთან” Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი და აღნიშნავს, რომ პირველი ფაზის ფარგლებში მშრალი პორტის მოსაწყობად დაახლოებით 23 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პორტის მეორე ფაზა კი ზაფხულიდან დაიწყება.

“ვემზადებით მეორე ფაზის დასაწყებად, რაც გულისხმობს დამატებითი 35 ათასი კვ.მეტრი ღია საწყობის მშენებლობას და ეტაპობრივად, ჯამში 50 000 კვ.მ A კლასის საწყობების მოწყობას. გეგმის მიხედვით, პირველ საწყობის მშენებლობას ვიწყებთ 1-1.5 თვის განმავლობაში. ეს იქნება 9000 კვ.მ საწყობი. აღსანიშნავია, რომ პროექტი მნიშვნელოვანია თბილისისთვის. მთლიანობაში საქართველოში იმპორტირებული კონტეინერების 70% მოდის სწორედ თბილისისთვის განკუთვნილ ტვირთებზე. შესაბამისად, ჩვენ ვუმარტივებთ გზას კონტეინერების და ტვირთების მიმღებ პირებს. ამისათვის, ბათუმის და ფოთის პორტებს დავუკავშირდებით საკონტეინერო მატარებლებით და პირველი ასეთი ბლოკ მატარებელი ვფიქრობთ, მომავალი კვირის დასაწყისში შემოვა მშრალ პორტში. ამისათვის მჭიდროდ ვმუშაობთ “საქართველოს რკინიგზასთან” და მათთან ერთად ვგეგმავთ, რომ ეს სერვისი გავხადოთ რეგულარული და სწრაფი”, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს არაბული AD Ports Group-ი Tbilisi Dry Port-ის 60%-იანი წილის მფლობელი გახდა. მაშინ კომპანია წერდა, რომ "თბილისის მშრალი პორტი" არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება და აღნიშნული ჰაბი ითვალისწინებს, პირდაპირ სარკინიგზო კავშირს თურქეთისა და საქართველოს პორტებთან, ასევე ის დაუკავშირდება ევროპის შავი ზღვის პორტებს ბულგარეთში და რუმინეთში.

ბიზნესმენი ჯემალ ინაიშვილი ამბობს, რომ გარდა მშრალი პორტის პროექტისა, AD Ports Group-ი საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში სხვა ინვესტიციებსაც განიხილავს. ასევე აქტიურად ოპერირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ზოგადად, “შუა დერეფნის” მიმართ გრძელვადიანი ხედვა აქვს.

“ჩვენი პარტნიორი ძალიან აქტიურად ოპერირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მას აქვს კონკრეტული საინვესტიციო გეგმები და უკვე ახორციელებს ინვესტიციებს უზბეკეთსა და ყაზახეთში. ასევე გეგმავს ინვესტირებას აზერბაიჯანში. საქართველოში კომპანია შემოვიდა როგორც ჩვენი პარტნიორი და მათ სხვა გეგმებიც აქვთ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც დაუკავშირდება ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორს. მათთვის საინტერესო და აუცილებელია საქართველო, როგორც “შუა დერეფნის” ნაწილი და ასევე ნაწილი მათი მრავალწლიანი საინვესტიციო გეგმისა მთლიანად ჩვენს დერეფანში”, - განმარტავს ჯემალ ინაიშვილი.

bm.ge